Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: "საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები"


ნიკა მელია
ნიკა მელია

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად.

მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად. მან, ასევე სტატეგიული გეგმა წარადგინა:

  • "მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები - სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო აქციები, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად;
  • უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან - ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მათ წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ;
  • უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია - აშკარაა, ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას. ვაღიაროთ, ასეთი განწყობა მათი მხრიდან არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, მუხტით, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები".

მელიას თქმით, პოლიტიკური კრიზისი უნდა გამოიყენონ შესაძლებლობად, ვადამდელი არჩევნების ჩასანიშნად და ამით "შექმნან ახალი რეალობა".

"ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, ჩვენ ყველას ერთად და ცალ ცალკე, მოგვეცემა შესაძლებლობა, ავირჩიოთ ევროპა", - თქვა მან.

2 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც, 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო.

XS
SM
MD
LG