Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იდიოტებად გვთვლიან“ - ოკუპირებულ აფხაზეთში დუმის დეპუტატ ზატულინს განცხადების გამო აკრიტიკებენ


კონსტანტინ ზატულინი, დუმის დეპუტატი
კონსტანტინ ზატულინი, დუმის დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ თუ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდება, მხარეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების მიერ მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება გაუადვილდებათ.

ამის შესახებ ზატულინმა Gazeta.Ru-სთან საუბარში თქვა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადების კომენტირებისას.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთი მზად არის რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება შეიქმნას. ზატულინის სიტყვებით კი, რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენის საკითხი აფხაზურ საზოგადოებაში არსებული „შიშის ნარჩენების“ გამო ყოვნდება.

„აფხაზეთის ოპოზიცია შიშის დათესვას ცდილობს: „ამბობენ, რომ დღეს ამის დაშვებით, ხვალ აფხაზები ქვეყნის პატრონები ვეღარ იქნებიან, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ აფხაზეთიდან მიწას ვერავინ გაიტანს და მსგავსი ხასიათის შიშები აფხაზეთის სამომავლო განვითარებას აფერხებს“, - განაცხადა ზატულინმა.

ზატულინის სიტყვებს აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიტოლოგმა ადგურ ლაგვილავამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, რუსეთის ბევრი სუბიექტის ტერიტორიაზე უცხოელებს მიწის საკუთრების უფლება არ აქვთ (ყირიმი, კალინინგრადი და ა.შ). ზატულინის აზრით, აფხაზურ მიწას ვერავინ გაიტანს, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წვერი ქვეყნიდან გატანას კი შეძლებენ? რუსეთს შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა და ჩვენ არა? მორიგ ჯერზე იდიოტებად გვთვლიან და ამის მოსმენა ორმაგად უსიამოვნოა ადამიანისგან, რომელიც თავს აფხაზეთის მეგობარს უწოდებს“.

„აფხაზეთის გმირი“ ასლან კობახია ამბობს, რომ „არის რაღაცები, რისი გაკეთებაც აფხაზეთში არასდროს შეიძლება“.

„კონსტანტინ ფიოდოროვიჩ ზატულნს აფხაზეთში იცნობენ, როგორც დიდ მეგობარს, ამასთან, ვლადისლავ გიორგიევიჩ არძინბას პირად მეგობრად. მისი მტკიცე პოზიციის დავიწყება აფხაზეთში ომის, ბლოკადის დროს უსინდისობაა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ვერცერთი თავმოყვარე ადამიანი ვერ დაეთანხმება მის პოზიციას აფხაზური მიწის გაყიდვის საკითხზე. პატივცემულო კონსტანტინ ფიოდორიჩ, მე თქვენ გულწრფელად გაფასებთ, პატივს გცემთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც აფხაზეთისთვის არასდროს შეიძლება. ვლადისლავ გეორგიევიჩმა ეს ყველაფერი განჭვრიტა, წინასწარ განსაზღვრა და ჩვენი მიწის გაყიდვაზე ფიქრის საშუალებაც კი არ დატოვა. დიდი მადლობა მას და მარადიული დიდება!!! და ვინც კონსტიტუციის შეცვლას შეეცდება, მას აქ არ დაედგომება. აფხაზეთში ქვეყნის მოქალაქეებიც კი მიწაზე არენდით სარგებლობენ, ყველაფერი დანარჩენი მანიპულაციაა და კარგს არაფერს მოიტანს!!!“ .

ოკუპირებული აფხაზეთის „კონსტიტუციითა“ და „სამოქალაქო კოდექსით“, მიწა აფხაზი ხალხის საკუთრებაა და ყიდვა-გაყიდვას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG