შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტის რიგებში. 22 აგვისტოს ბანკმა გამოაცხადა, რომ ბრუნდება დიქსიტ ჯოში, რომელიც დევიდ მაზერსს შეცვლის საფინანსო დირექტორის თანამდებობაზე. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჯოში Deutsche Bank-ში მუშაობდა.
ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან კომპანიის საოპერაციო დირექტორი გახდება ფრანჩესკა მაკდონაჰი, რომელიც Credit Suisse-ის გენერალური დირექტორი იყო ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. მაკდონაჰი Credit Suisse-ის აღმასრულებელ დირექტორს, ულრიხ კიორნერს დაეხმარება კომპანიის მართვასა და სტრატეგიულ განვითარებაში. როგორც Reuters-ი შენიშნავს, კიორნერი ცდილობს, გამოასწოროს ბანკის პოზიციები, რომლისთვისაც უკანასკნელი წლები სკანდალებითა და დანაკარგებით აღინიშნებოდა. თავად კიორნერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 1 აგვისტოს შეცვალა თომას გოტშტაინი.
ბანკის მენეჯმენტის კიდევ ერთი წევრი, ქონების მართვის განყოფილების გენერალური დირექტორი ფრანჩესკო დე ფერარი დაინიშნა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის განყოფილების გენერალურ დირექტორად. კომპანიის მენეჯმენტში სხვა დანიშვნებიც განხორციელდა.
Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზარალი მიიღო.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.