ალბანეთში, ქალაქ გრამშის მახლობლად, სამხედრო ქარხანაში შესვლის მცდელობისას ორი რუსი და უკრაინელი დააკავეს.
ერთმა მათგანმა წინააღმდეგობა გაუწია ქარხნის მცველებს და დააშავა ორი ჯარისკაცი. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ისინი ეჭვმიტანილი არიან ჯაშუშობაში.
Reuters-ი ეყრდნობა ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობას, რომლის თანახმად, 24 წლის რუსმა მცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მან სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე ფოტოგრაფირება სცადა, ხოლო დაკავებისას სამხედროების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, „გაზის ბალონი“ გამოიყენა. მას თან ახლდნენ 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინის მოქალაქე.
ალბანურმა მედიამ დაკავებული რუსი ქალის საბუთების ფოტო გამოაქვეყნა.
ეს არის სვეტლანა ტიმოფეევა (ლანა სატორი), ცნობილი მოგზაური და ფოტოგრაფი. იგი სპეციალიზებულია მიტოვებული და "უცნაური" ობიექტების ფოტოგრაფირებაში რუსეთსა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამხედრო ნაწილებსა და აკრძალულ ტერიტორიებზე.
გრამშის სამხედრო ქარხანა აწარმოებდა „კალაშნიკოვის,“ AK-47-ის ტიპის საბჭოთა ავტომატურ იარაღს კომუნისტური მმართველობის დროს. ახლა, ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის „წარმოების მომსახურებას უწევს თავდაცვის ინდუსტრიას“.
ალბანეთში რუსეთის საელჩომ უპასუხა მედიის შეკითხვას, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ ოფიციალური ინფორმაცია დაკავების შესახებ ალბანეთის ხელისუფლებისგან და მომხდარზე მხოლოდ პრესიდან შეიტყვეს. ალბანეთი ნატოს წევრია 2009 წლიდან.