საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია, „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე არ მიიღონ მონაწილეობა მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ყალბი სოლიდარობაა.
„ეს არის დასანანი გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, თითქოს ეს არის გარკვეული სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ სინამდვილეში, ესაა არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხდება ზღვარის გადალახვა. ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ვხედავთ კორპორატივიზმს, რომელიც ასევე ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაშინაც ISFED იყო მთავარი აქტორი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ერთი თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს და მაშინაც მივმართავდით, დაგვხმარებოდნენ, რეალური პარალელური დათვლის შედეგების ნახვაში. მაშინ ყველა ეს ორგანიზაცია დისტანცირდა ამ თემიდან. ამბობდნენ, რომ მათი პროფილი არ იყო პარალელური დათვლა. არ უნდოდათ კრიტიკა გამოეთქვათ კოლეგა ორგანიზაციის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის თქმითაც, გარკვეული სარკაზმია იმაში, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან კორპორატივიზმს, თავად იჩენენ ასეთ დამოკიდებულებებს, ხოლო ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან არაფორმალურ მმართველობას, თავად ითხოვენ არაფორმალურ ძალაუფლებას, „როგორც ეს გააკეთა ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ იმით, რომ მოითხოვა ვეტოს უფლება მთავრობის ფორმირებაში“.
„გავეცანი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის განცხადებას და ვფიქრობ, მათ სწორად გაუსვეს ხაზი იმას, რომ ეს არის ISFED-ის პოლიტიკური პოზიცია. ამ განცხადებაში ასევე დაფიქსირებული იყო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აღიარებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციურ ორგანოებს, დემოკრატიულ პროცესებს. ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, ისინი კვლავ აყენებენ ულტიმატუმს და კვლავ მოითხოვენ, დააკომპლექტონ მთავრობა, თუ ხსნიან თავის ამ მოთხოვნას. თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას აჩერებენ დროებით:
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“;
- „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI);
- „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“'
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც".