მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს ცნობას ტელეგრამის არხებზე Baza-სა და Mash-ზე დაყრდნობით. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მოძრაობის დროს აფეთქდა. საჭესთან მჯდომი ქალი დაიღუპა.
სავარაუდოდ, საქმე ეხება დარია დუგინას. მისი გარდაცვალება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ. Baza წერს, რომ მომხდარის მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
დარია დუგინა ჟურნალისტიკით, ფილოსოფიითა და პოლიტოლოგიით იყო დაკავებული. 2022 წლიდან ის დიდი ბრიტანეთის მიერ შეყვანილი იქნა იმ პირების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, იტყობინება Baza.
ალექსანდრ დუგინი "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი იდეოლოგია, მან მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების უკრაინაში შესვლას და მისი თითქმის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას. ითვლება, რომ დუგინის იდეები გავლენას ახდენს კრემლის პოლიტიკაზე.