Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს თქმით, ყოფილი პოლიციელები სისტემის პრობლემებზე უცხოეთში დარჩენის მიზნით საუბრობენ


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი უარყოფს, რომ უწყებას პოლიციელები მასობრივად ტოვებენ - მედიასაშუალებებში, მათ შორის რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ მასალას უწყება ამ შინაარსის განცხადებით პასუხობს. განცხადებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ჟურნალისტი პრესსამსახურს ესაუბრა, თუმცა პასუხების მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად გადაამისამართეს.

გუშინ, 19 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინების შესახებ მოამზადა მასალა - ყოფილი პოლიციელები ჰყვებოდნენ, რის გამო ტოვებდნენ უწყებას გამოცდილი თანამშრომლები.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მხრიდან სატელევიზიო ეთერში ან მედიაგამოცემებში უწყების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი, როდესაც საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები არღვევენ კანონს და უცხო ქვეყანაში ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვების მიზნით, მსგავს მორალურად მიუღებელ ფორმებს მიმართავენ", - აცხადებენ შსს-ში.

სხვადასხვა მედიასაშუალებაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შსს-დან პოლიციელების მასობრივი გადინების შესახებ მასალების მომზადების პარალელურად, 17 აგვისტოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. მათ შორის, თბილისში 22 პატრულ-ინსპექტორის, ქუთაისის აეროპორტის სასაზღვრო საიმიგრაციო სამსახურში 22 პოზიციაზე და ა.შ.

შინაგან საქმეთა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის გავრცელებული განცხადების მიხედვით, 145 ადგილზე ვაკანსია სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით და რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდის გამო გამოაცხადეს.

​"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია", - აცხადებენ უწყებაში.

XS
SM
MD
LG