"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საჯარო სტრუქტურებიდან საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ითხოვს, საქართველომ 1 თვემდე შეამციროს მათი ქვეყანაში ყოფნის ვადა.
პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი განცხადებას კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს, რომლის მიხედვითაც:
- 2022 წლის 26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბინადრობის უფლება მიღებული აქვს 16 480 რუსეთის მოქალაქეს; მათგან 2 333 - ახალქალაქშია რეგისტრირებული, 1 491 - ბათუმში, 1 287 - გარდაბანში, 6 124 - თბილისში.
- მხოლოდ 2022 წლის პირველ 7 თვეში, უძრავი ქონება შეიძინა 3 626-მა რუსეთის მოქალაქემ. უძრავ ქონებას ისინი ძირითადად ბათუმსა და თბილისში ყიდულობენ. წელს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა 1 400-მდე სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდეს, 1 000-ზე მეტი კი - თბილისში. რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევები გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. თუ 2022 წლის იანვარსა და თებერვალში ჯამში 200-მდე იყო მათ მიერ შეძენილი უძრავი ქონების რაოდენობა, მარტის შემდეგ ეს რიცხვი თვეში სამასამდე გაიზარდა მხოლოდ ბათუმში.
- 2022 წლის პირველ შვიდ თვეში, საქართველოში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა დააარსეს 288 კომპანია, 6 524 კი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა. ახლადრეგისტირებული ბიზნესების დიდი წილი თბილისზე, ბათუმსა და ადიგენის მუნიციპალიტეტზე მოდის.
"ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკონტროლებს, მათ შორის, ამ მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. უსამშობლოა ხელისუფლება, უსამშობლოა ბიძინა ივანიშვილი, რომლის მთავარი ოცნებაც არის საქართველო ქართველების გარეშე. ამ პირობებში, როდესაც 10 ათასობით რუსი საქართველოში ბინადრობის უფლებას მოიპოვებს, ჩვენი თანამოქალაქეები ამ ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილი გარბიან, უძრავ ქონებას ყიდიან, ოჯახებს, სამშობლოს ტოვებენ და სხვა ქვეყანაში მიდიან, იმიტომ რომ ოჯახის წევრები გამოკვებონ. ამასობაში, ოკუპანტებისთვის, რომლებიც შემდეგ უკვე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც კი არ აღიარებენ, აბსოლუტურად ყველაფერი არის მარტივი და ღია", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაზე არაერთი სტატისტიკა და მონაცემები მეტყველებს - ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების ჭარბად შემოდინებასთან დაკავშირებულ შიშებს ქსენოფობიად მიიჩნევს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო უკრაინის ხელისუფლება ცდილობს დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებას იმაში, რომ არ მისცენ თუნდაც ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებს, რუსეთი კი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნას აღიარებული.