Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი თანამდებობის დატოვებაზე: ორმხრივი გადაწყვეტილებაა


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედი დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის მინისტრისა და მისი "ორმხრივი გადაწყვეტილება" იყო. ეს არის ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი პოსტიდან მიდის.

"ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს... [პოსტის დატოვება] ორმხრივი გადაწყვეტილება იყო", - უთხრა ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი 5 აგვისტოს გახდა. ამავე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ეს ინფორმაცია "პალიტრანიუსის" ეთერში დაადასტურა.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“, - განაცხადა მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

XS
SM
MD
LG