საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ცნობა „პალიტრანიუსის" ეთერში დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“, - განაცხადა მინისტრმა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ამირან გამყრელიძესთან დაკავშირებას. ჯერჯერობით ის კავშირზე არ გამოდის.
ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.