Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პორტებიდან გავიდა სიმინდით დატვირთული სამი გემი


ფოტო არქივიდან: ოდესის პორტი
ფოტო არქივიდან: ოდესის პორტი

დღეს დილით, უკრაინის ოდესის და ჩერნომორსკის პორტები დატოვა სამმა სატვირთო გემმა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩერნომორსკის პორტიდან გასულ, თურქეთის დროშით მცურავ გემ Polarnet-ს 12 ათასი ტონა სიმინდი მიაქვს თურქეთში, ამავე პორტიდან გასულმა, მალტის დროშით მცურავმა Rojen-მა 13 ათასი ტონა სიმინდი უნდა ჩაიტანოს დიდ ბრიტანეთში, ხოლო ოდესის პორტიდან გასულმა, პანამის დროშით მცურავმა გემმა Navistar-მა - 33 ათასი ტონა სიმინდი ირლანდიაში.

დანიშნულების ადგილებისკენ გზის გაგრძელებამდე გემები გაჩერდებიან სტამბოლში, სადაც მათ შეამოწმებენ გაეროს, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ოლექსანდრ კურბაკოვი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს არის გემების პირველი ქარავანი, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ დატოვა უკრაინის პორტები. კურბაკოვის ინფორმაციით, თუ სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესრულება სრულყოფილად გაგრძელდება, უკრაინა ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტებიდან ყოველთვიურად გეგმავს სულ მცირე 3 მილიონი ტონა აგროპროდუქციის ექსპორტს.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ გაემგზავრა დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.

XS
SM
MD
LG