10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვან სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი პირის, სოსო გოგაშვილის უსაფრთხოება. ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია ყველა იმ საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე, რომელზეც ყოფილი მაღალჩინოსანი საუბრობს.
"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია... მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე", - წერია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); საფარი; უფლებები საქართველო; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI).
გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.