Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს კომიკოსს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს


სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთი
სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთი

რუს კომიკოსს, გარიკ ოგანისიანს, უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაწერა და საზოგადოებას მიმართა შეკითხვით, ჰქონიათ თუ არა მსგავსი შემთხვევა და როგორ იქცევიან?

ოგანისიანი საქართველოში სომხეთიდან ცდილობდა შემოსვლას.

„გადავწყვიტე სომხეთ-საქართველოს საზღვრებს შორის ვიცხოვრო ჩემს ძაღლთან ერთად“, - წერს ის ტვიტერზე.

ოგანისიანმა ქართველი მესაზღვრეების მიერ გაცემული დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა კანონმდებლობით განსაზღვრული „სხვა მიზეზით“, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე არშემოშვებაზე ყველაზე გავრცელებული პასუხია.

ოგანისიანი პროექტის, Stand-Up Club #1-ის მონაწილეა. ის იყო ასევე გადაცემის, „ვეჩერნი ურგანტის“ სცენარისტი. 2021 წლის აგვისტოში, კომიკოსმა რუსეთის ტელევიზიის "პირველ არხზე" არსებული ცენზურის შესახებ განაცხადა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გადაცემა "Вечерний Ургант"-ი „პირველი არხის“ ეთერიდან გაქრა. მისი წამყვანი ივან ურგანტი 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდა. ურგანტი დროებით რუსეთიდან გაემგზავრა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის საქართველოში 90 ათასზე მეტი რუსი ტურისტია შემოსული, უარი უთხრეს რამდენიმე ჟურნალისტს, აქტივისტს, ასევე ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებს.

რადიო თავისუფლება შსს-სგან ელოდება პასუხს, კონკრეტულად რა გახდა გარიკ ოგანისიანისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძველი. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

XS
SM
MD
LG