საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ იაფი საწვავის შემოტანაზე მუშაობენ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან.
"ჩვენ დღემდე ვცდილობთ და გვინდა ვიპოვოთ ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ევროპული საწვავი, რომელიც შემოგვაქვს... ვმუშაობთ შვიდ-რვა ქვეყანასთან და სადაც იქნება იაფი, იქედან შემოვიტანთ...
[მოლაპარაკებები მიმდინარეობს] არა მარტო რუსეთთან... ნებისმიერ ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, სადაც იქნება იაფი საწვავი თუ ნებისმიერი სერვისი, იქედან შემოვიტანთ...
ყოველთვის ბიზნესი ოპერირებს, რაც შეიძლება დაბალი იყოს ხარჯები და მოიგოს მეტი", - უთხრა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 11 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საწვავის ფასის ზრდის კუთხით საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი.
"ვინაიდან ჩვენ, საქართველო, ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და პრაქტიკულად შემოგვაქვს ყველაფერი გარედან, ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ნავთობპროდუქტების, ამიტომ, ბუნებრივია, ფასებმა მოიმატა ისე, როგორც მთელ მსოფლიოში - აშშ-ში, ევროპაში, მწარმოებელ ქვეყნებშიც. ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი", - განაცხადა მან და "კეთილსინდისიერ იმპორტიორებს" უთხრა მოლოდინებზე, რომლებიც ფასის კლებას შეეხებოდა.
პირველად საქართველოში საწვავის ფასმა 4 ლარს მარტში გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებითაც, სხვადასხვა ხარისხის საწვავის ფასი 3,7 ლარიდან 4,8 ლარამდე მერყეობს.