მმართველი პარტია მზადაა გაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებები და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - თქვა კობახიძემ.
მან მედიას უთხრა, რომ საარჩევნო ბარიერი არ არის ევროკავშირის მიერ დაყენებულ 12 პირობას შორის და ამიტომ არ გეგმავენ მისი დაწევის კონსტიტუციური ცვლილების განხორციელებას მანამ, სანამ არ იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ.
"შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ", - ასე განმარტა მან მიზეზი.
კობახიძე ამბობს, რომ მაღალი საარჩევნო ბარიერი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში მიზანშეწონილია.
"პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს", - აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც "ქართული ოცნებაა", არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო. ამ დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უმჯობესდებოდა საპარლამენტო ოპოზიციის მდგომარეობა - ფრაქციის შექმნას შეძლებდა ოთხი დეპუტატიც - დღეს ამისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.
საარჩევნო ბარიერის დაწევა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ, "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებაზე არმიერთების მიზეზით, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ დოკუმენტს აღარ მიუბრუნდებოდა.