დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემები ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა კუნძული ზმეინი უკრაინის არმიის მოქმედებების შედეგად დატოვეს.
დღეს, 1 ივლისს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზმეინიზე მყოფ რუსულ გარნიზონს უტევდნენ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მათ შორის, გარნიზონისთვის მარაგის შესავსებად კუნძულისკენ მიმავალი რუსული გემების შესაჩერებლად.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული დატოვა უკრაინის არმიის შეტევებისგან მზარდი დაუცველობის და არა „კეთილი ნების ნიშნად".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ივნისს გამოაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კუნძულ ზმეინიზე „დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება“ და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ამას უწოდა „კეთილი ნების ნაბიჯი“, რომლითაც „მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას, უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის“.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმ 30 ივნისს განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დატოვეს, რადგან ვერ გაუძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს.
გენერალმა ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა ოდესის ოლქის დამცველებს, რომლებმაც მაქსიმალურ ზომებს მიმართეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასათავისუფლებლად. გენშტაბის უფროსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უკრაინული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცის, „ბოგდან“-ის მწარმოებლებს და განაცხადა, რომ კუნძულის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ „ბოგდან“-მა შეასრულა. ზალუჟნი შესაბამისი საშუალებების მიწოდებისთვის მადლობას უხდის უცხოელ პარტნიორებსაც.
რუსეთის სამხედრო ძალებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი, რომელიც ოდესის ოლქში შედის, უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.