უკრაინის ხერსონის ოლქში, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს, დაიწყეს მზადება ე.წ. რეფერენდუმისთვის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მიზნით. ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი.
„დიახ, ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის და მას ჩავატარებთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხერსონის ოლქი მიიღებს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების გადაწყვეტილებას და სრულფასოვანი სუბიექტი გახდება“, - აცხადებს სტრემოუსოვი. ერთი კვირით ადრე, 21 ივნისს, სტრემოუსოვმა კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქს“-ს უთხრა, რომ „რეფერენდუმი“ შესაძლოა, 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს.
რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას შემოდგომაზე აპირებენ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილშიც, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. "რეფერენდუმების" მიმართ კრემლის მიერ საჯაროდ გამოხატული პოზიციის მიხედვით, საკითხი თავად ამ ოლქების მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება უზრუნველყო ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".