პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნება" დატოვა, ამბობს, რომ ხვალ უფრო მეტი საკითხის შესახებ მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნებიდან" წასვლა, უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ სიმართლე ილაპარაკოს.
„ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება". არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან.
ჩვენ ვთვლით, რომ რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად, არის უამრავ თემებში, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები მმართველი ძალაა [„ქართული ოცნება"] და უნდა გააგრძელოს. ჩვენ გვექნება ამისი თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ“, - თქვა ყაველაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას სამი დეპუტატი ტოვებს. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.
„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს“, - თქვა მდინარაძემ.
სამივე დეპუტატს მე-10 მოწვევის პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.
სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო.
დეპუტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში 20 და 24 ივნისს გამართული მრავალათასიანი აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.
სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.
3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.