პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას სამი დეპუტატი ტოვებს. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.
„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს“, - თქვა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ დეპუტატების გადაწყვეტილების მიზეზებზეც ილაპარაკა:
„ამის მიზეზი ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისათვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით“, - განაცხადა მდინარაძემ. მან დაამატა, რომ „ქართული ოცნების" გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა. „მათ [სუბარს, ყაველაშვილს და ხუნდაძეს] მიაჩნიათ, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი“, - შენიშნა მდინარაძემ.
სამივე დეპუტატს მე-10 მოწვევის პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.
სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო.
დეპუტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.
სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.
3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისს გაიმართა.