უკრაინის დასაცავად მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი უცხოური დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
27 ივნისს რუსულმა მედიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინაში, ლისიჩანსკთან, გაანადგურეს 14 უცხოელისგან შემდგარი ორი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. პირველი ჯგუფი მრავალეროვნული იყო, შედგებოდა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისგან, მეორეში კი ე.წ. ქართულ ლეგიონში შემავალი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ საქართველოდან.
ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა, რომელმაც რადიო თავისუფლებას უამბო, თუ რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება ფართომასშტაბიანი ომის მეოთხე თვის თავზე მის დაქვემდებარებაში მყოფი მოხალისეთა დანაყოფი.