Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა დიღმელაშვილი: არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია


შოთა დიღმელაშვილი (ცენტრში) და ლაშა ბუღაძე (მარჯვნივ)
შოთა დიღმელაშვილი (ცენტრში) და ლაშა ბუღაძე (მარჯვნივ)

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "სირცხვილიას" ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა, მას შემდეგ, რაც მოძრაობის, "შინ ევროპისკენ", მთავარი მოთხოვნები - ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა - წამოაყენა, საზოგადოებას მომდევნო დღეების გეგმები გააცნო. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა ივლის რეგიონებში, ერთი კვირის შემდეგ კი, ყველა ერთად დაიძვრება თბილისში და საპროტესტო აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევს.

"იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ერის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას. მანამდე ჩვენ მივალთ ყველგან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, დავაწმუნებთ ხალხს, სად სუფევს საქართველოს ხსნის გზა. 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და მოვალთ პარლამენტის წინ, თბილისში. არ დავიშლებით მანამ, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. მისი გამოსვლის დასასრულს, რუსთაველზე შეკრებილმა ხალხმა მთავრობის მისამართით დაიწყო სკანდირება, "წადი."

რუსთაველზე იმყოფებიან მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საკმარისი ძალისხმევა არ გასწია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

XS
SM
MD
LG