Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სარდლობას სურს, კვლავ გაგზავნოს საომრად ხომალდ "მოსკვას" გადარჩენილი სამხედროები


კრეისერი "მოსკვა" ჩაძირვამდე
კრეისერი "მოსკვა" ჩაძირვამდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად ჩაძირული კრეისერ "მოსკვას" გადარჩენილი წვევამდელი სამხედროების მშობლები ირწმუნებიან, რომ მათ შვილებს კვლავ უპირებენ უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში გაგზავნას. ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" იუწყება მეზღვაურების ახლობლების იმ მიმართვაზე დაყრდნობით, რომელიც მათ სამხედრო პროკურატურას, ჯარისკაცთა დედების კომიტეტს და ადამიანის უფლებათა კომისარს გაუგზავნეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირების მიუხედავად, სარდლობა წვევამდელებს არ აძლევს ხმელეთზე გადასვლის უფლებას. 49 მეზღვაური, რომლებიც კრეისერ "მოსკვაზე" სიკვდილს გადაურჩნენ, ახლა საპატრულო გემ "ლადნიზე" იმყოფება, იგი 30 ივნისს უკრაინაში "სპეცოპერაციაში" უნდა ჩაერთოს. თავად საპატრულო გემი, მიმართვის ავტორების თანახმად, უკვე 30 წელზე მეტია ფუნქციონირებს, საჭიროებს შეკეთებას და უვარგისია ასეთი ლაშქრობისთვის.

რუსი წვევამდელების მშობლები მოითხოვენ, რომ მათი შვილები ომის ზონაში აღარ გაგზავნონ. "ჩვენი შვილები, წვევამდელები, უკანონოდ უკვე ჩააბეს კრეისერ "მოსკვას" სპეცოპერაციაში. მომხდარი კატასტროფის შედეგად მათ მიიღეს საბრძოლო ფსიქიკური დაზიანებები. მიუღებლად მიგვაჩნია ფსიქოლოგიურად ტრავმული სიტუაციიდან გადარჩენილთა ახალი ჩართვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად", - ნათქვამია მიმართვაში.

14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კრაინის მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვას“ უკრაინის „ნეპტუნის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.

ერთი კვირის შემდეგ, 22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური შეტყობინება, რომ კრეისერზე დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი და 27 დაკარგულად ითვლება. მას შემდეგ რუსეთს „დაკარგულთა“ ბედის შესახებ აღარაფერი უთქვამს. სხვადასხვა მონაცემით, „მოსკვა“-ს ეკიპაჟში 400-დან 680-მდე წევრი იყო, ძირითადად, ჯარში ახალგაწვეული მეზღვაურები.

XS
SM
MD
LG