Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა


ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის - მეორე დღეს სამი მედალი მოიპოვა. ჩემპიონ-პრიზიორები სულ ქალთა და მამაკაცთა ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ქართველთაგან კი კვარცხლბეკზე მხოლოდ მამაკაცები ავიდნენ.

73 კილოგრამში შეჯიბრება ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფით დაგვირგვინდა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა თბილისურ ტატამზე, ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო, საჩემპიონო ბრძოლაში კი იაპონელ კენ ოიოშის აჯობა იპონით. ამავე წონაში, გიორგი ტერაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

81 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილს უმაღლეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ოთხი გამარჯვების შემდეგ, ფინალში სამხრეთკორეელ ლი იონჰვანთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
ტურნირის დასკვნით დღეს, 5 ივნისს, მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში - 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით შეჯიბრებებში თოთხმეტი ძიუდოისტი ჩაებმება.

XS
SM
MD
LG