Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეტაპზეა სააკაშვილის საქმე - სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს


კადრი ვიდეოჩანაწერიდან: მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის ფრაგმენტი
კადრი ვიდეოჩანაწერიდან: მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის ფრაგმენტი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ვინმეს შესაძლო დანაშაული არ არის გამოკვეთილი და დანიშნულია დამატებითი ექსპერტიზა.

"აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების დაწყების დღიდან დანიშნული სხვადასხვა სახის კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ჰაბიდოსკოპიური(ფონო), ვიდეოსკოპიური, ფსიქოლოგიური და კომისიური სამედიცინო ექსპერტიზებიდან, ამ დროისთვის გამოძიებამ მხოლოდ ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნული ბიოლოგიური და ქიმიური ექპერტიზის პასუხები მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან დღემდე სულ გამოკითხულია 49 ადამიანი, გამოძიება კი გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით.

​სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, 1 მარტიდან შეიქმნა - მიმდინარე საქმის გამოძიება ახალმა უწყებამ გადაიბარა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამდე, 2021 წლის 11 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის ორი ვიდეო გამოაქვეყნა. გავრცელებული კადრები ასახავდა პატიმრის პროტესტს - იგი უარს ამბობდა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში საკუთარი ნებით შესვლაზე.

გასაჯაროება კადრებისა, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმრის ღირსების შემლახავად მიიჩნია, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მაღალი საჯარო ინტერესით გაამართლა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, თავის მხრივ, 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და მათი წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ სამინისტროს პოზიცია გაიზიარა.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის ორ ეპიზოდზე დაიწყო გამოძიება - ერთი რუსთავიდან გლდანში გადაყვანას შეეხება, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში დაბრუნებას. ორივე შემთხვევაში საუბარია საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე.

გამოძიება მიმდინარეობს:

  • N18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესაძლო შემთხვევაზე;
  • სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მაჯის საათის ჩამორთმევის დროს მომხდარ ინციდენტზე.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG