Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე მორგოშიას თქმით, "პრაიდის" ფესტივალს წელს ჩაშლიან


კონსტანტინე მორგოშია
კონსტანტინე მორგოშია

ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, "თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით იმუქრება. მან თქვა, რომ ორგანიზაციის მიერ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამი ღონისძიებიდან მხოლოდ ამ ერთის წინააღმდეგი არიან.

მსგავსი ფესტივალი "თბილისის პრაიდის" ორგანიზებით 2021 წელსაც ჩატარდა, თუმცა, როგორც მორგოშია ამბობს, ის წელს დაგეგმილისგან განსხვავდებოდა.

"თავისი ჭკუით მოიფიქრეს, რომ ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რომელიც ვიცით რომ კერძო საკუთრებაა, იქ აპირებენ ფესტივალს, რომელიც შარშანდელთან შედარებით უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. უნდათ გაასაღონ და გაიტანონ ევროპაში, რომ "აი, რამხელა ფესტივალი ჩატარდა".

საფრთხეს პირადულში არაფერს ვხედავ, მაგრამ საქართველოში გეი ფესტივალი არ ჩატარდება. შარშან აბსოლუტურად სხვა რაღაც იყო - შარშან უნდა ჩატარებულიყო "ღირსების მარში", რომელიც ვერ ჩაატარეს", - უთხრა მორგოშიამ რადიო თავისუფლებას.

იმის მიუხედავად, რომ მორგოშია "თბილისი პრაიდის" ფესტივალის წინააღმდეგ მობილიზების საკუთარ გეგმებზე დღეს დილიდან საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

მორგოშიას სჯერა, რომ ხელისუფლება წელს დაიცავს, მისი თქმით, უმრავლესობაში მყოფ საზოგადოებას:

"თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და ამოირჩიოს: ან უნდა დადგეს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარეს, ან უნდა დადგეს გეი პროპაგანდისტების მხარეს. შარშანდელი და პრაგმატული პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას იმ ხალხის ინტერესები, რომლებიც არიან უმრავლესობაში.

შარშან ხელისუფლების ნაბიჯები არ აღვიქვით ჩვენს მხარდამჭერად, ეგ აღვიქვით ხელისუფლების სწორ პოზიციად. ხელისუფლების გარეშეც გვქონდა აქცია, შეკრებილები ვიყავით დილიდანვე და როცა პრემიერმა ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა, იქ უკვე ათასობით ადამიანი ვიყავით".

ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ წელს პრაიდის კვირეულის ფარგლებში "ღირსების მარშს" ვერ გამართავენ, რადგან არ აქვთ ამის შესაძლებლობა.

"ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წინააღმდეგია, თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ საგრძნობლად იზრდება. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი!" - წერია ორგანიზაციის მიერ 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", მოწოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.

XS
SM
MD
LG