რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბნებში შევიდნენ. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. მისი ინფორმაციით, მოკლულია ქალაქის 2 მცხოვრები და დაჭრილია - 5.
ჰაიდაის ცნობითვე, მოწინააღმდეგე იმყოფება სევეროდონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებში. ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, სევეროდონეცკის ასაღებად რუსეთი იყენებს ყველანაირ შეიარაღებას და ავიაციას, თუმცა, უკრაინელი სამხედროები პოზიციებს მყარად იცავენ, რათა რუსულ ძალებს არ მისცენ ქალაქის სიღრმეში შეჭრის შესაძლებლობა.
სევეროდონეცკის გარეუბნებში რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მის მიერ დილით გავრცელებული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, რუსული არმიის ძირითადი ძალისხმევა ისევ მიმართულია ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევისკენ. სევეროდონეცკი ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.
რუსული არმია ამჟამად ინტენსიურად უტევს დონბასის მხარეს. რთული სიტუაციის გამო, უკრაინის ხელისუფლება პარტნიორი სახელმწიფოების, უპირველესად, აშშ-ისგან აქტიურად ითხოვს მძიმე შეიარაღებას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა, 29 მაისს ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში, განაცხადა, რომ "პრიორიტეტია" მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გათავისუფლება“, ხოლო უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებზე, „სადაც ცხოვრობს ხალხი, ვისაც რუსეთთან კავშირების გაწყვეტა არ სურს, საკითხს ამ ოლქების მოსახლეობა გადაწყვეტს“.
ამასთან, როგორც ლავროვმა თქვა, „არ ფიქრობს, რომ ისინი ბედნიერი იქნებიან ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობაში დაბრუნებით“.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".