2022 წლის 28 მაისს 35 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე დაეშვა მსუბუქი ძრავის თვითმფრინავი, რომელსაც გერმანელი მოყვარული მფრინავი მათიას რუსტი მართავდა. ეს მოვლენა საბჭოთა კავშირში პერესტროიკის ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა და ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მან პირდაპირი გავლენა მოახდინა მის მსვლელობაზე.
18 წლის მათიას რუსტი, რომლისთვისაც ეს გრძელ მანძილზე პირველი ფრენა იყო, 1987 წლის 28 მაისის დილით აფრინდა ფინეთის მალმიოს აეროდრომიდან Cessna-p172 თვითმფრინავით. თავიდან ის სტოკჰოლმისკენ გაემართა, მაგრამ შემდეგ გამორთო რადიოსადგური, ბორტსიგნალის შუქები და მკვეთრი მანევრით გეზი სსრკ-ს მიმართულებით აიღო.
შემთხვევითობის წყალობით, მან შეძლო საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადალახვა და თვითმფრინავი მოსკოვის ცენტრში, კრემლის წინ დასვა. რუსტის თვითმფრინავის გამოჩენა წითელ მოედანზე იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მფრინავი დასაწყისში არც კი დააპატიმრეს. დაშვებიდან ლამის საათ-ნახევრის განმავლობაში რუსტი ცნობისმოყვარე გამვლელებს ავტოგრაფებს ურიგებდა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მასთან სამი პირი მივიდა და თავი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებად წარუდგინეს. მათ ჰკითხეს რუსტს, საიდან იყო და რატომ ჩაფრინდა იქ, მოსთხოვეს პასპორტიც, შეამოწმეს თვითმფრინავი, იარაღი ხომ არ იყო, და დააკავეს. „კა-გე-ბეს“ გამომძიებლებს არ სჯეროდათ რუსტის მიერ დასახელებული მოტივისა, რომ ის სამშვიდობო მისიით ჩაფრინდა მოსკოვში.
მათიას რუსტს, როგორც მაშინ აცხადებდა, სურდა მიეღწია იმისთვის, რაც ვერ შეძლეს რეიკიავიკში გორბაჩოვმა და რეიგანმა - მშვიდობისთვის.
მათიას რუსტმა, ამ ჩრდილოგერმანელმა თინეიჯერმა, თავისი ქმედებით ბევრი რამ განსაზღვრა. მისი „ჩესნა“-ს მოსკოვამდე დაუბრკოლებლად ჩაფრენამ მიხაილ გორბაჩოვს საბაბი მისცა სამსახურიდან დაეთხოვა თავდაცვის მინისტრი, ასევე საჰაერო თავდაცვის სარდალი, მათთან ერთად კი 300-მდე მაღალი რანგის ოფიცერი - გენერლები და მარშლები. მაშინ გორბაჩოვის მრჩეველს, ვალენტინ ფალინს უხუმრია, მათიას რუსტის გამო იმდენი გენერალი დაკარგა საბჭოთა კავშირმა, რამდენიც სამამულო ომში არ დაუკარგავსო.
რუსტი გაასამართლეს მოსკოვში, ოთხი წელი მიუსაჯეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საჰაერო სივრცის დარღვევისა და ხულიგნობისათვის. 14 თვეში გაათავისუფლეს.
ამჟამად მათიას რუსტი ბანკში ანალიტიკოსად მუშაობს. ის არ არის საჯარო პირი. მან დიდი ხანია უარი თქვა ფრენაზე. TASS-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ "ყოველთვის მადლიერი იქნება რუსეთის", რადგან იმ დროს მას" ძალიან ჰუმანურად ექცეოდნენ", მიუხედავად იმისა, რომ მისმა ფრენამ რეალურად შეარყია საბჭოთა არმიის რეპუტაცია.
რუსტის ფრენის 35-ე წლისთავის წინა დღეს, ესტონეთში ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ძეგლი გაიხსნა, 24-მეტრიანი ასაფრენი ბილიკის სახით. მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე რუსტმა სწორედ ესტონეთს გადაუფრინა. ამ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ გერმანელი თინეიჯერის ამ რეიდმა მაშინ ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაშლას და ესტონეთის დამოუკიდებლობას.