Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ადასტურებს ღარიბაშვილისთვის ბრიუსელში პრობლემური საკითხების ჩამონათვალის გადაცემას - „ოცნება" უარყოფს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გადასცეს 20 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხებს ეხება. როგორც ტელეარხი იუწყება, სწორედ ამ ჩამონათვალთან არის დაკავშირებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

„ფორმულამ“ 20-დან ექვსი პუნქტი გამოაქვეყნა:

  • „შარლ მიშელის დოკუმენტიდან“ გასვლა;
  • ხარვეზები [არჩევნების] პირველ და მეორე ტურში;
  • მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლო დარღვევები;
  • პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები;
  • „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
  • 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები და მათზე არასათანადო რეაგირება.

პარტია „ლელოდან" პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისთვისაც ცნობილია ბრიუსელში პრემიერ-მინისტრისთვის დოკუმენტის გადაცემის შესახებ.

„დანამდვილებით გვაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა მრავალპუნქტიანი დოკუმენტი, რაც წარმოადგენს აღწერას იმ პრობლემების, რომლებიც არის დაგროვებული, რომელიც შეეხება საქართველოს მხრიდან პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასე რომ, ხელისუფლება მორიგ ჯერზე იტყუება, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ეს ყველაფერი არ იყო ნათქვამი შეხვედრებზე ან მათ არ გადაეცათ სია პრობლემატური საკითხების. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამაზე პასუხს ჩვენ დავინახავთ, როდესაც განხილვა შედგება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე და გამოჩნდება „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა იმისთვის, რომ ის პრობლემები, რაც დაყენებული იქნა დღის წესრიგში, როდესაც გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომენტია, გადაჭრილიყო“, - თქვა სამადაშვილმა.

დოკუმენტის შესახებ ინფორმირებულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. „მეც ინფორმაცია მაქვს, რომ ნამდვილად, კონკრეტულად ჩამონათვალი გამოატანეს იმ ვალდებულებების, რომლებიც შესასრულებელი აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელშია პროცესი“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ეს არ არის რეალური ინფორმაცია და არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ყურადღება ძირითადი საკითხებიდან გადავიდეს ოპოზიციისთვის საინტერესო თემებზე“, - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „19 აპრილის შეთანხმება არ არის დაკავშირებული საერთოდ არავითარი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ეს არის შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან. ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ მიუდგა თავის დროზე ამ შეთანხმებას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი კავშირი ამ შეთანხმებას კანდიდატის სტატუსთან არ აქვს“.

17-18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ის შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

XS
SM
MD
LG