საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბრისას, ამბობს, რომ, მისი აზრით, იგი კლინიკაში "დაზღვევის მიზნითაა" გადაყვანილი, რათა "რაღაც არ მოსწიოს თავის თავს". ამის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვების პასუხად განაცხადა.
მდინარაძის თქმით, თუკი სააკაშვილი ქართველ ექიმებს დაუჯერებს, "ყველაფერი კარგად იქნება".
"[მიხეილ სააკაშვილი] დღეს პატიმრობაშია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, დაზღვევის მიზნით, რომ მართლა რაღაც არ მოსწიოს თავის თავს ამ კაცმა, რაღაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ სხვა რაღაცების გამო. არ ვიცი ეს დეტალები ნამდვილად.
[მიხეილ სააკაშვილმა] უნდა დაუჯეროს საკუთარ ექიმებს, ვინც ამისათვის სპეციალურად არის გამოყოფილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში. თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, მას უნდა მოუწოდოს, დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და პრობლემა არ ექნება. დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს.
ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 მაისს, თქვა, რომ "ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება [სააკაშვილის საზღვარგარეთ] გადაყვანის და ა.შ საფუძველი."