აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, დაგმო ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელმოწერილი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აფართოებს ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის გამოყენებას ტერორისტული დანაშაულისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსული საზოგადოების დაშინების კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის კონტექსტში ბელარუსში ლუკაშენკას რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეების დაშინებისა და დასჯის ახალი გზა გამონახა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 18 მაისს ხელი მოაწერა ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც ტერორისტული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების ჩამდენ პირებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა - ემუქრებათ. ცვლილებები ძალაში 2022 წლის 29 მაისს შევა.
სისხლის სამართლის კოდექსის ახალმა ვერსიამ გააფართოვა სიკვდილით დასჯის გამოყენება. როგორც გამოცემა "ზერკალო" წერს, სასჯელის განსაკუთრებულ ზომად დასაშვებია სიკვდილით დასჯა-აღსრულება გათვალისწინებული დანაშაულისათვის:
- 124-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ტერორისტული აქტი უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ);
- 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი (საერთაშორისო ტერორიზმის აქტი);
- 289-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების, ან ბირთვული მასალების, ძლიერი ტოქსიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით, რასაც ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
- 359-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობა, რომელიც ჩადენილია მის სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით).
სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციაში წერია, რომ სიკვდილით დასჯა წესდება "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, რომელიც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობას დამამძიმებელ გარემოებებში."
ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯის გამოყენების გაფართოება უკავშირდება ე.წ. "სარკინიგზო პარტიზანებს", რომლებიც ბელორუსის რკინიგზაზე მოძრაობის დაბლოკვით ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის მიმართულებით სამხედრო კოლონების გადაადგილებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ბელარუსში სიკვდილით დასჯა შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი დემოკრატიული აქტივისტისა და პაციფისტის წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება. ბლინკენის თქმით, "ექსტრემიზმისა" და "ტერორიზმის" პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება 1200 პოლიტპატიმრიდან ბევრს წაუყენეს, ასევე აღნიშნული იარლიყებით ბელარუსის რეჟიმი ამკობს იმ აქტივისტებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, ვინც ცდილობდა თავიდან აეცილებინა ბელარუსის გავლით რუსული ჯარების უკრაინაში ინტერვენცია.
ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა "ვიასნამ" და ჯგუფმა "უფლებადამცველები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ", ერთობლივ საჯარო მიმართვაში დაუშვებელი უწოდეს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გამოყენების გაფართოებას.