რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით, სახელმწიფო სათათბიროში ფრაქციის ხელმძღვანელად ლეონიდ სლუცკი აირჩიეს. სლუცკი, რომელიც სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, დროებით ასრულებდა ფრაქციის ხელმძღვანელის მოვალეობას, პარტიის ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ. ჟირინოვსკის, რომელიც 6 აპრილს კოროვირუსის შედეგად გარდაიცვალა, გუშინ სახელმწიფო დუმამ საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ცნობილია, რომ პარტიის უმაღლესი საბჭო 27 მაისს კონგრესზე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერს აირჩევს.
ლეონიდ სლუცკი 2000 წლიდან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია ფსევდოოპოზიციური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან, 2016 წლიდან კი საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.
2018 წელს ლეონიდ სლუცკის სახელი პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. სამმა რუსმა ჟურნალისტმა ის სექსუალური სახის ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ მასზე სტატიებში პირადი ცხოვრების თემა მუდმივად ამოტივტივდებოდა ხოლმე. „ჩემი ცოლი ცხოვრობდა და ცხოვრობს მოსკოვში ისევე, როგორც ჩემი ორი ქალიშვილი. უფროსი, მართალია, ჰარვარდში აბარებდა, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, რუსეთში ისწავლოს“, - უთხრა 2018 წელს ლეონიდ სლუცკიმ გამოცემა „სნობს“.
სლუცკი რამდენჯერმე გახდა გამოძიების ობიექტი. მას უპოვეს არადეკლარირებული მიწა რუბლიოვკაზე, ცოლის სახელზე გადაფორმებული ძვირადღირებული მანქანები და მრავალათასიანი ჯარიმები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოუწერეს.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დროის დიდი ნაწილი სლუცკის მეუღლემ და უმცროსმა ქალიშვილმა თურქეთში, ბოდრუმთან ახლოს მდებარე კურორტზე გაატარეს, ვილაში, რომლის ფასი დაახლოებით 3 მილიონი ევროა. ის სკოლა კი შვეიცარიაში, სადაც ახლა ლიდია სლუცკაია სწავლობს, წელიწადში ათობით ათასი დოლარი ღირს. რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებას დეპუტატის ქალიშვილი არ აპირებს.
შემოსავლების დეკლარაციის მიხედვით, სლუცკიმ 2020 წელს 77 ათასი დოლარი გამოიმუშავა, მისმა მეუღლემ - 3,5 ათასი. 2018 წლის დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ იმ დროს მას არ გააჩნდა არც ფასიანი ქაღალდები და არც სხვა რამ დანაზოგი.