Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ხელი მოაწერა შესწორებას, რაც ტერორისტული საქმიანობისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც ტერორისტული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების ჩამდენ პირებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა - ემუქრებათ. ცვლილებები ძალაში 2022 წლის 29 მაისს შევა.

სისხლის სამართლის კოდექსის ახალმა ვერსიამ გააფართოვა სიკვდილით დასჯის გამოყენება. როგორც გამოცემა "ზერკალო" წერს, სასჯელის განსაკუთრებულ ზომად დასაშვებია სიკვდილით დასჯა-აღსრულება გათვალისწინებული დანაშაულისათვის:

  • 124-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ტერორისტული აქტი უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ);
  • 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი (საერთაშორისო ტერორიზმის აქტი);
  • 289-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების, ან ბირთვული მასალების, ძლიერი ტოქსიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით, რასაც ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
  • 359-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობა, რომელიც ჩადენილია მის სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით).

სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციაში წერია, რომ სიკვდილით დასჯა წესდება "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, რომელიც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობას დამამძიმებელ გარემოებებში."

სიკვდილით დასჯის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი თავდაპირველად ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა, ორი წაკითხვით, 27 აპრილს მიიღეს, ხოლო 4 მაისს დოკუმენტი ასევე ერთხმად დაამტკიცა რესპუბლიკის საბჭომ.

ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯის გამოყენების გაფართოება უკავშირდება ე.წ. "სარკინიგზო პარტიზანებს", რომლებიც ბელორუსის რკინიგზაზე მოძრაობის დაბლოკვით ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის მიმართულებით სამხედრო კოლონების გადაადგილებას.

ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა "ვიასნამ" და ჯგუფმა "უფლებადამცველები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ", ერთობლივ საჯარო მიმართვაში დაუშვებელი უწოდეს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გამოყენების გაფართოებას.

XS
SM
MD
LG