Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მარიუპოლიდან დარჩენილ სამხედროებს გაიყვანს, ქალაქი გადადის რუსეთის კონტროლის ქვეშ


სამხედროთა ევაკუაცია აზოვსტალიდან, 16 მაისი, 2022
სამხედროთა ევაკუაცია აზოვსტალიდან, 16 მაისი, 2022

უკრაინის არმია აცხადებს, რომ მუშაობს დარჩენილი მეომრების ევაკუაციაზე მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, აზოვსტალის შენობიდან - უკრაინის ძალების უკანასკნელი ბასტიონიდან ომით გაჩანაგებულ ქალაქში, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ გადადის. რუსეთი თვეების განმავლობაში ახორციელებდა ქალაქის დაბომბვას, რამაც ეს საპორტო ქალაქი მიწასთან გაასწორა და ათასობით სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.

"მარიუპოლის გარნიზონმა შეასრულა თავისი საბრძოლო მისია" - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი თავის განცხადებაში 17 მაისს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აზოვსტალიდან განხორციელდა 260-ზე მეტი ჯარისკაცის ევაკუაცია, დაჭრილი სამხედროების ჩათვლით. "უმაღლესმა სარდლობამ აზოვსტალში დისლოცირებული დანაყოფების ხელმძღვანელობას უბრძანა გადაერჩინათ სამხედროთა სიცოცხლე... მარიუპოლის მცველები ჩვენი დროის გმირები არიან" - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამხედროები, მათ შორის დაჭრილები, გადაიყვანეს ქალაქებში, რომლებსაც აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.

ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ევაკუაციის პროცესს ორგანიზება გაუწიეს უკრაინის არმიამ და დაზვერვამ, ისევე, როგორც წითელმა ჯვარმა და გაერომ. თუმცა ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინელი მებრძოლები შესაძლოა დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლონ, და რომ მათი გათავისუფლებისთვის წარმოებულ მოლაპარაკებებს "დელიკატურობა და დრო" დასჭირდება.

XS
SM
MD
LG