Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამერი გვარამიას დაკავებაზე: „ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის“


ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში, 2017 წლის 19 თებერვალი.
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში, 2017 წლის 19 თებერვალი.

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა"

„აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება“, - ასე აფასებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

კრამერს ეჭვი არ ეპარება, რომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით დაკავება მისი, როგორც მედიამენეჯერის, ასევე პოლიტიკური აქტივისტისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქმეების ერთობლიობაა.

დევიდ კრამერი
დევიდ კრამერი

„ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ "რუსთავი 2"-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა“, - ამბობს კრამერი.

მისივე თქმით, გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ახდენს გავლენას:

„ეს [დაკავება] არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური ორიენტაციისა და ევროინტეგრაციის მიმართ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია“.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ეპიზოდიდან დამნაშავედ ორში ცნო, ხოლო ერთში გაამართლა.

საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდსა და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე. პირველი, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი გულისხმობს, რომ გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან ერთად 6 763 509 ლარი გაფლანგა.

მეორე, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდში, პროკურატურა დავობდა, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 000 ევროს ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

ეს ბრალდებები, მოსამართლემ სსკ-ის 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე გვარამია და "რუსთავი 2"-ის ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, 50,000 - 50,000 ლარით დააჯარიმეს. ხოლო მეორე ეპიზოდზე, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 11 მაისს სასამართლოში საბოლოო მოსმენაზე საკუთარი დასკვნა წარადგინა და თქვა, რომ იმ ნაწილში, რაზეც ნიკა გვარამია სასამართლომ დააჯარიმა, დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა.

„ჩვენ ხშირად შეგვიფასებია ქმედება და გვითქვამს, რომ ქმედება უფრო მსუბუქი მუხლით უნდა ისჯებოდეს, მაგრამ აქ, პირდაპირ ვამბობთ, რომ საერთოდ დანაშაულს არ აქვს ადგილი“, - უთხრა "ამერიკის ხმას" გიორგი ბურჯანაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ.

ბურჯანაძე შიშობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს ქმნის, როგორც სიტყვის თავისუფლების მიმართულებით, ისე კერძო კომპანიებისთვის, ვინც თავიანთ ორგანიზაციებში დამოუკიდებელ მენეჯერულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ომბუდსმენის ოფისის მსგავსად ფიქრობენ ევროპარლამენტშიც. რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტის წევრია, რომელიც კარგად იცნობს ქვეყნის შიდა პოლიტიკას. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება მორიგი, „ძალიან ცუდი მესიჯია საქართველოსგან“.

რასა იუკნევიჩიანე
რასა იუკნევიჩიანე

იუკნევიჩიანეს თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება მისთვის ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშანია. ეს კი დემოკრატიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. „ეს [სიტყვის თავისუფლება] ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა. ეს ფუნდამენტური ღირებულებაა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსი, ასე რომ, ეს [გადაწყვეტილება] დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული. თუ გსურთ, რომ ევროკავშირის წევრები იყოთ, მაშინ ისე უნდა მოიქცეთ, როგორც ევროპელები იქცევიან. რასაც ახლა ვხედავ, ყველაფერი ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგოა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობის საწინააღმდეგოცაა“, - თქვა რასა იუკნევიჩიანემ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ქვეყანამ ევროკავშირის მიერ მოწოდებული კითხვარიც შეავსო და ახლა წევრობის კანდიდატურაზე განხილვას ელოდება. თუმცა, ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მომხრეა, შიშობს, რომ თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება, დააკავოს მთავრობისთვის ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის დირექტორი, ცუდად აისახება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი განხილვის წინ და უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის დასავლეთში. ის ამბობს, რომ ახლა საქართველოს მთავრობა არა დემოკრატიის, არამედ „პუტინისეულ გზას ირჩევს“.

„ძალიან შეშფოთებული ვარ მას შემდეგ, რაც ეს ამბავი [გვარამიას დაკავება] გავიგე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავადვე ესვრის საკუთარ თავს ფეხებში“, - ამბობს ევროპარლამენტარი.

გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უკვე უწოდეს საქართველოში არსებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მის საქმეზე განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომაც საქართველოში. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს საქმე „ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას... აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა. 2019 წელს საქართველო მე-60 ადგილზე იყო.

XS
SM
MD
LG