Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში


ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად, რომელიც იქ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გადაიყვანეს.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მისი მიზანია, მოინახულოს პატიმარი, რომლის მიმართაც, მისი შეფასებით, დადგა კანონთან შეუსაბამო განაჩენი:

„ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი ძალიან დეტალურად გვაქვს შესწავლილი და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში წარმატება მომჩივანს არა თუ სისხლის სამართლის დანაშაულის მიმართულებით, არამედ არც საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა. ვფიქრობ, რომ დარღვეულია კანონიერების პრინციპი. დარღვეულია სტრასბურგის ევროკონვენციის მეშვიდე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც არ ითვლება დანაშაულად და ვფიქრობთ, რომ იმ ერთ-ერთ განაჩენთან დაკავშირებით, რაც უკვე დადგა, არ არსებობდა საერთოდ დანაშაულის ნიშნები. მიუხედავად ამისა, დღეს მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეს არის კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული მტრული გარემოს გაგრძელება და რადიკალური გამოვლინება:

„ჩვენ ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედიამფლობელებისა და მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს და დისკრედიტაციის მცდელობებს და დღეს უკვე ყველაზე კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, დეტალურად გავეცნოთ განაჩენს და აუცილებლად გვექნება დამატებითი სამართლებრივი შეფასებები, რომლებსაც მივაწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას“.

საქართველოს სახალხო დამცველმა 15 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა სასამართლოს აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

„ამ საქმეში დანაშაულად არის მიჩნეული საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს“.

სახალხო დამცველი 15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს:

„მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა“.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG