Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციაზე


უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია აზოვსტალიდან, მარიუპოლი
უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია აზოვსტალიდან, მარიუპოლი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა მარიუპოლში მიმდინარე ევაკუაციის პროცესზე. "უკრაინელი სამხედროების - უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკების ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და გაეროს ძალისხმევის შედეგად, გვაქვს იმედი, რომ შესაძლებელი იქნება ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება. ხაზგასმით მინდა ვთქვა - უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ამ სიტყვებს გაიგებს ყველა ადეკვატური ადამიანი" - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას იცავდნენ, შენობის ტერიტორიიდან გაჰყავთ. ცნობას ადასტურებს უკრაინის გენერალური შტაბიც.

საერთო ჯამში აზოვსტალი დატოვა 264-მა სამხედრო მოსამსახურემ, მათგან 53 დაჭრილია - იუწტება გენშტაბი. როიტერსის თანახმად, დაჭრილები ჩაიყვანეს ნოვოაზოვსკში - დონეცკის ოლქის ქალაქში, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. დაჭრილთა ნოვოაზოვსკში წაყვანის შესახებ მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა.

დანარჩენი 211 სამხედროს ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნით მოხდა ელენოვკაში - რომელსაც ასევე აკონტროლებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა.

იმის შესახებ, არიან თუ არა უკრაინელი სამხედროები ტყვეები, ოფიციალურად არაფერი თქმულა. უკრაინის წყაროთა ნაწილი იუწყება მათი რუს ტყვეებზე გაცვლის პროცედურის შესაძლებლობაზე.

აზოვსტალის ქარხანას უკრაინელი სამხედროები არ ტოვებდნენ მას მერეც, რაც მარიუპოლის საცხოვრებელი უბნები რუსეთის სამხედროების კონტროლის ქვეშ მოექცა. ისინიც და უკრაინის ხელმძღვანელობაც არაერთხელ გამოვიდნენ მოწოდებებით აზოვსტალიდან განხორციელებულიყო დაჭრილთა ევაკუაცია - რომელთა რაოდენობაც, ბოლო ცნობებით, რამდენიმე ასეულია.

XS
SM
MD
LG