Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს სატელეფონო საუბარში ნატოში გაწევრიანების შესახებ აცნობა


2019 წლის 21 აგვისტო. ჰელსინკი. რუსეთისა და ფინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფრაგმენტი
2019 წლის 21 აგვისტო. ჰელსინკი. რუსეთისა და ფინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფრაგმენტი

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ შაბათს ტელეფონზე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და აცნობა მას, რომ ჰელსინკი უახლოეს დღეებში ნატო-ს წევრობაზე განაცხადს შეიტანს.

ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიინისტეს ვლადიმირ პუტინისთვის უთქვამს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ქმედებებმა ფინეთი აიძულა ყურადღება მიექცია თავისი უსაფრთხოებისთვის, ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაეწყო. სატელეფონო საუბარში ფინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჰელსინკი გააგრძელებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.

პუტინს ნიინისტესთან საუბარში აღუნიშნავს, რომ " ფინეთის მხრიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმა არასწორი იქნება." ასევე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ფინეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა ასევე გააფრთხილა ნიინისტე, რომ ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 12 მაისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ფინეთმა ნატოს გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ნატო სრულად დაუჭერს მხარს ფინეთის ამ სუვერენულ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG