Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი კიევს "აზოვსტალში" მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ზღვით ევაკუაციას სთავაზობს


"აზოვსტალი" და მიმდებარე ტერიტორია. მარიუპოლი. 2022 წლის 5 მაისი
"აზოვსტალი" და მიმდებარე ტერიტორია. მარიუპოლი. 2022 წლის 5 მაისი

თურქეთი კიევს მარიუპოლში "აზოვსტალის" ერთ-ერთ ფოლადის ჩამომსხმელ საამქროს თავშესაფარში მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ზღვით ევაკუაციას სთავაზობს.

"ევროპეისკა პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მთავარმა მრჩეველმა, იბრაგიმ კალინმა განცხადა სააგენტო "Reuters"-ს. ეს წინადადება, კალინის თქმით, მან კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განიხილა და დასძინა, რომ ეს წინადადება კვლავ დევს მაგიდაზე, მაგრამ მოსკოვი არ იძლევა მასზე თანხმობას.

თურქეთის გეგმის თანახმად, "აზოვსტალიდან" ევაკუირებულ ადამიანებს სახმელეთო გზით პორტ ბერდიანსკში ჩაიყვანენ, იქიდან კი შავი ზღვით სტამბულში გადაიყვანენ სამკურნალოდ.

"ჩვენი გემი მზად არის გამგზავრებისა და დაჭრილი სამხედროებისა და სხვა სამოქალაქო პირების თურქეთში ჩასაყვანად", - განაცხადა კალინმა და დასძინა, რომ რუსეთის პოზიციები "დღითიდღე იცვლება".

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თურქეთის შუამავლობით გეგმავს "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციას.

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“, ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის მიზნით მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყეს. 12 მაისს ღამით, ვერეშჩუკმა ტელეკომპანია "1+1"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი ეხება რამდენიმეეტაპიანი სპეცოპერაციის „საგზაო რუკას“.

რუსული არმიის ალყაში მყოფი მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიას უკრაინელი მებრძოლები ორ თვეზე მეტია იცავენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. 10 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ "აზოვსტალში" რჩება 1000-ზე მეტი უკრაინელი მეომარი.

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზეა ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაიღუპა პოლკ "აზოვის" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა.

XS
SM
MD
LG