Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათს დროებითი კონსტრუქციით გადახურავენ ტენიანობის პრობლემის მოსაგვარებლად


გელათის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისი. 24 ივნისი, 2020 წელი
გელათის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისი. 24 ივნისი, 2020 წელი

კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს სახურავს ნაწილობრივ მოხდიან და დროებით გადახურვას მოაწყობენ. პროცესი დღეს, 13 მაისს დაიწყება და ივნისის დასაწყისში დასრულდება. ამის მიზეზი, სამინისტროს განცხადებით, გასულ წლებში ხარვეზებით განხორციელებული გადახურვის გამო შექმნილი პრობლემის, ტენიანობის, აღმოფხვრაა, რაც საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებული ფრესკებს.

სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება. ყველა აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის დასაწყისში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, დროებითი გადახურვის მოწყობის რეკომენდაცია UNESCO-ს ექსპერტებმა გასცეს კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად:

ვინაიდან, დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვით, „საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“.

კულტურის სამინისტროს თანახმად, ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი 2008 წელს შემუშავდა. „როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა“. 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა, რომელთა ჩართულობით დაიგეგმა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი.

მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. რეაბილიტაციისას, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა - დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი.

გელათის მთავარი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 2021 წლიდან დაიკეტა ვიზიტორებისთვის, სახურავი დროებითი საფარის ქვეშაა და ექსპერტები შიშობენ, რომ წვიმამ ინტერიერი შეიძლება კვლავ დააზიანოს.

XS
SM
MD
LG