Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ყალბ ამბებს ტელევიზიებში ნახულობს - ZINC


ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ZINC NETWORK-ი აცხადებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამავე კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 11 მაისს გასაჯაროვდა, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას და არ შეუძლია მისი ამოცნობა.

ამ კვლევის მიხედვით, ტელევიზია და სოციალური მედია დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებულ წყაროდ მიიჩნევა: ტელევიზიას ასახელებს გამოკითხულთა 56 პროცენტი, სოციალურ მედიას კი - 38.

ტელევიზია კვლავ ყველაზე პოპულარული მედიაპლატფორმაა. ტელეარხებს მოსახლეობის 85 პროცენტი კვირაში ერთხელ მაინც უყურებს, 71 პროცენტი კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს სოციალურ ქსელებს, ონლაინ მედიას - 56 პროცენტი, გაზეთს მხოლოდ 8 პროცენტი კითხულობს, გაზეთს მცირედით ჩამორჩება რადიო (7%).

გამოკითხული მოსახლეობის 62 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად "იმედს" უყურებს. პირველ სამეულში მოხვდნენ "რუსთავი 2" (56%) და "მთავარი არხი" (51%). იმის მიუხედავად, რომ "რუსთავი 2" ამ რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილზეა, ნდობის კუთხით მეოთხე ადგილზეა. მას "TV პირველი" უსწრებს.

გამოკითხვა ZINC NETWORK-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ და დააფინანსა USAID-მა. 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა 3024 ადამიანი ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. კვლევის შედეგები ასახავს საზოგადოების განწყობებს უკრაინაში ომის დაწყებამდე, მისი ცდომილება 1,7 პროცენტია.

XS
SM
MD
LG