„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ამავე პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას.
ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. „ის [ივანიშვილი] საერთოდ არ თვლის საჭიროდ და არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად ქართული საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე რომ გამოვიდეს და ისაუბროს, რას გეგმავს, საით მიდის ქვეყანა, რას აპირებს ის ან მისი რუსული „ოცნება“? იმიტომ, რომ ის ყველას ატყუებს, თითქოს პოლიტიკაში არ არის, პოლიტიკაში არ ერევა და გვერდზე არის გამდგარი, როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური პირი", - თქვა მან.
როგორც პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, როდესაც საქმე შეეხო ივანიშვილის პირად კაპიტალს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი.
„მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა დაუდგა მის პირად კაპიტალს, მის პირად ფულს, ნახევარ მილიარდ დოლარს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ცნობილ შვეიცარიულ ბანკში, მხოლოდ მაშინ გამოდგნენ დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაქირავებული ექსპერტები და მოთქვამენ, ტირიან, რა ხდება, რატომ აჩერებენ თუ უფერხებენ ტრანზაქციებს ბიძინა ივანიშვილს", - აღნიშნა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.
ცისკარიშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულად ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც ომში ჩართვის საკითხს ეხებოდა.
„შემოგთავაზებთ კონსტრუქციას, როგორია, რომელიც კობახიძემ გაახმოვანა: უკრაინა, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ესენი ყველანი „ნაციონალები" არიან მათი გაგებით და ითრევენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში და ამას აკეთებენ იმისათვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი და დაიწყოს ომი. რისი თქმა უნდათ, რომ სინამდვილეში არა რომელიღაც ოპოზიციური პარტია, რომელსაც ასე აბსურდულად ბრალს უყენებენ მთელი ორი თვის განმავლობაში და "ომის პარტიას" ეძახიან ჩვენს პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას", არამედ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი მოქმედი პირი და მთავარი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ ივანიშვილისთვის გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას დაუკავშირა.
6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.
PR კომპანია აცხადებს, რომ 4 მარტს მოთხოვნილ გადარიცხვასთან დაკავშირებით თანხმობა ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გაიცა, ოფიციალურ დასაბუთებაში კი მიზეზად "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში" იყო მითითებული.
"ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან", - ეწერა Cision-ის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.