აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში „ტვიტერში" პოსტს ავრცელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
„უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთი ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს ჯიმ რიში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პარტია "ნიხასის" თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა დაამარცხა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.
საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და განაცხადა, რომ "მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 მაისს, გავრცელებული განცხადების თანახმად, „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“.