რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების 85%-ის შეჯამების შედეგად, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეს, ალან გაგლოევს 53.67% აქვს, ხოლო მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 41.3%. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, 8 მაისს ჩატარებულ „მეორე ტურში“ ამომრჩეველთა აქტივობა 68.2% იყო.
ბიბილოვმა დამარცხება გასულ ღამითვე აღიარა, გაგლოევმა კი ხალხს „მხარდაჭერისა და ნდობისთვის“ მადლობა გადაუხადა. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის ინფორმაციით, ალან გაგლოევმა ცხინვალში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც თავისი აზრი გამოხატა და ამაყობს, რომ ანატოლი ბიბილოვმა „არჩევნების“ შედეგები აღიარა. გაგლოევმა ისიც თქვა, რომ ახალ გუნდს შექმნის.
ცხინვალში დაბადებული, 41 წლის ალან გაგლოევი განათლებით ფინანსისტია. 2004 წლიდან მუშაობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ალან გაგლოევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 38.55%-მა და ანატოლი ბიბილოვს - 34.95%-მა. იმის გამო, რომ ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, საჭირო გახდა "მეორე ტურის" დანიშვნა. გაგლოევმა ბიბილოვი დიდი უპირატესობით დაამარცხა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, რომლის მცხოვრებთ, ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა ბიბილოვის მიერ დანარჩენ საქართველოსთან 2019 წელს დაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნას.
ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს ბიბილოვი აქცენტს აკეთებდა რუსეთის შემადგენლობაში "სამხრეთ ოსეთის" შესასვლელად რეფერენდუმის ჩატარებაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკრაინაში საომრად გაგზავნა ადგილობრივი სამხედროები, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ რუსეთის საოკუპაციო ბაზაზე.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.