სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ფუხაევი, რომელიც, ოფიციალური ცნობით, დონეცკში „სამუშაო ვიზიტით” იმყოფება, რუსულ სახელმწიფო გამოცემა „ТАСС“-თან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ მოხალისეებს სტატუსი უნდა მიენიჭოთ.
დონბასში ძალიან ბევრი მოხალისეა სამხრეთ ოსეთიდან. მათთან შეხვედრისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი უზარმაზარ პრობლემას აწყდებიან, როდესაც მათ ბანდფორმირებებთან ათანაბრებენ...ვლადიმირ ფუხაევი
ფუხაევის განცხადებით, ოსი მოხალისეების დანაყოფი უშუალო კავშირზე უნდა იყოს სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობასთან, სადაც ოსი მოხალისეები მსახურობენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათი ძალაც იქნეს გამოყენებული.
„დონბასში ძალიან ბევრი მოხალისეა სამხრეთ ოსეთიდან. მათთან შეხვედრისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი უზარმაზარ პრობლემას აწყდებიან, როდესაც მათ ბანდფორმირებებთან ათანაბრებენ და ფრონტის წინა ხაზზე მათი ჩართვა არ ხდება. ეს არის მოხალისეების დანაყოფი, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსებისგან შედგება და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ბრძოლის ველზე დაეხმარონ თანამემამულეებს”, - განაცხადა ფუხაევმა.
მისივე თქმით, ის ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას მიაღწიოს.
შელახული იმიჯის გამოსასწორებლად, ოკუპირებულ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში, ორიოდე კვირის წინ, ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა. ცხინვალში დაბრუნების შემდეგ კი, ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რომელსაც უკრაინის ომში გასაგზავნი მოხალისეების კოორდინაცია დაევალა. ცხინვალელი მოხალისეების რეპუტაცია კი მას შემდეგ განადგურდა, რაც 300-მა მოხალისემ და ჯარისკაცმა ბრძოლის ველი თვითნებურად მიატოვა და შინ დაბრუნდა. დაბრუნებამდე და მას შემდეგაც ისინი საშინელ პირობებზე ლაპარაკობდნენ. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. ოსურ საზოგადოებაშიც, მოხალისეების და ჯარისკაცების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ნაწილი მათ გმირებად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მცირე ერის წარმომადგენლებს წინა ხაზზე არ უნდა უშვებდნენ. ზოგიერთმა ცხინვალელმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაცია“ უწოდა. არიან ისეთებიც, ვინც სახლში დაბრუნებულ მებრძოლებს მშიშრებს და მოღალატეებს უწოდებს. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, საკუთარი იმიჯის გამოსწორებას უფრო ცდილობს, რადგან კრემლი მას, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხების და ბრძოლის ველიდან გამოქცეული ჯარისკაცების გამო, ავტორიტეტულ ლიდერად აღარ მიიჩნევს. მისი აზრით, მეორე ტურის წინ დონეცკში, ე.წ. თავდაცვის მინისტრის გაგზავნა, სწორედ ბიბილოვის შელახული ავტორიტეტის გამოსწორებას ემსახურება.
რუსეთ-უკრაინის ომში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ტელეგრამის არხის ცხინვალელმა მომხმარებლებმა 36 წლის ალიმ ლოხოვის გარდაცვალების შესახებ ცნობა 4 მაისს გაავრცელეს. მანამდე, ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული ინალ კორტიევი, მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზის ოცმეთაური დაიღუპა. უფრო ადრე კი - სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, მოხალისეები რუსლან ბესაევი, რუსლან კაზიევი და დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო არტისტი რობერტ ყულუმბეგოვი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ქართულ-ოსური ურთიერთობის საკითხების მკვლევარი რობერტ მამისაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის ომში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, მათ შორისაა ცხინვალელების გამოფხიზლების საკითხიც. მისი აზრით, ოსური საზოგადოება რეალურად ახლა ხვდება კრემლის ჩანაფიქრს, რომ მათ ადგილობრივი მოქალაქეების ნაცვლად, ტერიტორია, სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა უფრო აინტერესებთ.
რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები. ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე ცხინვალიდან. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო-სამხედრო ბაზებზე ჯამში 10 ათასამდე პირი მსახურობს, ამას ემატება „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის 1200-კაციანი კონტინგენტიც.