Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჭიროება თუ ხელოვნური ვაკანსიები - სად ასაქმებენ სოციალურად დაუცველებს კახეთში?


სიღნაღის ცენტრი, კახეთი, 2019 წ.
სიღნაღის ცენტრი, კახეთი, 2019 წ.

საქართველოში მიმდინარე წლის მარტიდან ამუშავდა ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს მუნიციპალურ თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ასაქმებენ. მთავრობაში თქვეს, რომ პროგრამა დროებითია და მისი მიზანია, სოციალურ შემწეობასთან ერთად, დასაქმებულმა მოქალაქეებმა დამატებითი ანაზღაურება მიიღონ, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას ეკონომიკურ აქტივობაში.

კახეთში ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ამბობს, რომ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ზოგ უწყებაში ვაკანსიები ხელოვნურად იქმნება და რეალური საჭიროება არ დგას.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იმ უწყებების ნაწილს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში ვაკანსიები უკვე გამოაცხადეს და სოციალურად დაუცველებიც დაასაქმეს. მათ შორისაა გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანება.

მუნიციპალიტეტში 37 ბაგა-ბაღია. გაერთიანებამ 300 ვაკანსია გამოაცხადა, საიდანაც 250 ადგილი უკვე შეივსო.

გურჯაანი, კახეთი, საქართველო.
გურჯაანი, კახეთი, საქართველო.

ბაღების გაერთიანების უფროსი შორენა ფროდიაშვილი ამბობს, რომ თითო ბაღში 10 ადამიანი დაასაქმეს. 5 მეეზოვედ, 5 კი - დამლაგებლად.

„სოფლის ბაგა-ბაღებში იმხელა შენობები და ეზოებია, რომ... ახლა ცოცხლდება ბუნება და ნამდვილად საჭიროა ბევრი ადამიანი. ადგილზე მენეჯერი წყვეტს და სადაც საჭიროა, იქ გადაჰყავს ახლად დასაქმებულები სამუშაოდ“, - ეუბნება ფროდიაშვილი რადიო თავისუფლებას.

სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 18 წლისა და უფროსი ასაკის, შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. შრომისუნარიან სოციალურად დაუცველებს შეუძლიათ დასაქმდნენ საზოგადოებრივ სამუშაოებზე და თვეში დამატებით მიიღო 300-ლარიანი ფიქსირებული ხელფასი.

სოციალურად დაუცველებს ასაქმებენ მერიის დაქვემდებარებულ სხვა ა(ა)იპი ორგანიზაციებშიც. დასაქმებულებს უმეტესწილად 3-თვიან ხელშეკრულებებს უფორმებენ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე ლაგოდეხის მერიამ ვაკანსია 350 ადგილზე გამოაცხადა.

„დიასახლისებად საქმდებიან საბავშვო ბაღებში, ასევე მოედნებისა და სკვერების მომვლელებად. ასეთი ვაკანსიები ნამდვილად საჭირო იყო. ჩვენ ვასაქმებთ ასევე დასუფთავების სამსახურში. აქამდე თუ ძირითადად ცენტრალურ ქუჩებს ვასუფთავებდით, ახალა უფრო მეტ ტერიტორიას ვითვისებთ. მომსახურების ხარისხიც გაუმჯობესდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

ლაგოდეხი, კახეთი, საქართველო.
ლაგოდეხი, კახეთი, საქართველო.

ოპოზიციური პარტია „დროა“ ამტკიცებს, რომ ბაგა-ბაღებში დამხმარეები დაუნიშნეს დამლაგებლებს და მეეზოვეებს. „დროას“ წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ასე სახელმწიფო ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება.

„ბაგა-ბაღებში დამლაგებლებს და ძიძებს 5-5 დამხმარე დაუნიშნეს. სოფელ ანაგის ბაღში სულ 20 ბავშვი ჰყავთ და 25 თანამშრომელი და კიდევ დავამატოთ შტატი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია... ეს პროგრამა არის ჩვეულებრივი ფარსი, აი, ისეთი, 100 ქარხანა რომ გუგუნებს ქვეყანაში. დაველოდოთ. მომავალი ამას აუცილებლად გვიჩვენებს“, - ამბობს ნინო გოგოლაშვილი.

რა პოზიციებზე ასაქმებენ სოციალურად დაუცველებს? როგორ ხდება ვაკანსიების გადამოწმება; იმის დადგენა, ნამდვილად სჭირდება თუ არა კონკრეტულ ორგანიზაციას მუშახელი? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს მიმართა. სააგენტოდან მოგვწერეს:

  • საზოგადოებრივ სამუშაოებს ქმნიან საჯარო უწყებები და ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენცია არ არის ამ ვაკანსიების საჭიროების დადგენა.
  • ხელშეკრულებები ძირითადად გაფორმებულია მეეზოვის პოზიციაზე, ბაღებში ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე, დამლაგებლის პოზიციაზე, დარაჯის პოზიციაზე, რეინჯერის დამხმარის პოზიციაზე, გამწვანების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე და სხვა.
  • საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში წარმოდგენილია, როგორც სეზონური ვაკანსიები, ასევე წლის ბოლომდე ვადით.
  • დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის პორტალზე 22 000-ზე მეტი ვაკანსიაა დარეგისტრირებული. წლის ბოლომდე გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 50 000-მდე გაიზრდება.

ეკონომისტების ნაწილი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მათ შორისაა გიორიგი კეპულაძე. მისი თქმით, მაშინ, როცა დოვლათი არ იქმნება და სახელმწიფო ფული იხარჯება, ეს ვერ მოიტანს ვერც კონკრეტულ სარგებელს და ხელს შეუწყობს ინფლაციას.

„ეს არის დროებითი, ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები, რომლის საჭიროებაც არ არის. მნიშვნელოვანია, ეს ხალხი სახელმწიფომ კი არ დაასაქმოს, არამედ დასაქმდნენ კერძო სექტორში, სადაც დამსაქმებელი შეეცდება გასცეს და მიიღოს სარგებელი. როცა სახელმწიფო ერთვება ასეთ საქმეში, ჩნდება პოპულიზმი. რასაც ვხედავთ, რეალურად, ამ პროგრამის მიზანი ის კი არ არის, რომ ხალხი გაჭირვებიდან ამოვიდეს, არამედ ის, რომ მოხდეს მათი გულის მოგება და შემდეგ ლოიალობა მოიპოვონ არჩევნებზე“, - ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს დაახლოებით 600 ათასი ადამიანი და აქედან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG