Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: ამერიკული დაზვერვა უკრაინას ეხმარება რუსი გენერლების ადგილსამყოფლის დადგენაში


უკრაინის ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებული კადრი, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს 30 აპრილს განხორციელებულ შეტევას რუსეთის სამეთაურო პუნქტზე იზიუმში
უკრაინის ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებული კადრი, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს 30 აპრილს განხორციელებულ შეტევას რუსეთის სამეთაურო პუნქტზე იზიუმში

უკრაინის არმიას აშშ-ისგან მიღებული სადაზვერვო მონაცემები დაეხმარა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსი გენერლის ადგილსამყოფლის დადგენასა და მათ განადგურებაში. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროთა თანახმად, ამერიკელები უკრაინელებს რეალური დროის რეჟიმით აწვდიან ინფორმაციას რუსეთის არმიის მუდმივად მოძრავი სამეთაურო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ, რასაც უკრაინელები საკუთარ სადაზვერვო მონაცემებს ადარებენ და ამის მიხედვით ხდება შეტევების ორგანიზება.

ამასთან, New York Times-ი წერს, რომ ყველა ასეთი წარმატებული ოპერაცია ამერიკული დაზვერვის მონაცემებს არ ეყრდნობოდა. მაგალითად, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსეთის სამეთაურო პუნქტზე 30 აპრილს განხორციელებული დარტყმა. არსებული მონაცემებით, იერიშამდე ცოტა ხნით ადრე, ამ პუნქტში იმყოფებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. ზოგიერთი მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ გერასიმოვი დაიჭრა, თუმცა, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ომის დაწყებიდან ორ თვეში ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის 12 გენერალი. რუსეთს დადასტურებული აქვს მხოლოდ ორის, გენერალ-მაიორების, სუხოვეცკის და ფროლოვის სიკვდილი.

XS
SM
MD
LG