Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2"-ს სასამართლომ დააკისრა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის კომპენსაციის გადახდა


ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ში. 2019 წელი
ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ში. 2019 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-იდან წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესების დამცველმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტმა თეო ზაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლომ „რუსთავი 2"-ს დააკისრა კომპენსაციის სახით ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 62 000 ლარის გადახდა. გარდა ამისა, ტელეკომპანიას დაევალა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის დამატებით, დაახლოებით 20 000 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს მიუღებელ დავალიანებას და მის 0.07%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2019 წლის 20 აგვისტოდან).

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, არხის სხვა სახეებთან ერთად, ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით, 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.

ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურიდიული მხარდაჭერით, საკუთარი შრომით უფლებებისთვის დავა დაიწყეს.

დღეს, 4 მაისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ „რუსთავი 2"-ს კომპენსაციის გადახდა დააკისრა „რუსთავის 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის გათავისუფლებისთვის.

მელაძის საქმის შესახებ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას. მან წერილობით გვიპასუხა: „ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ გავეცნობით. დიდი ალბათობით, გამოვიყენებთ საპროცესო უფლებას და გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას".

2019 წელს „რუსთავი 2“-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა.

XS
SM
MD
LG