Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RSF-ის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია


"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" მსოფლიო რუკაზე ხუთი ფერით აღნიშნავს ქვეყნებს, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა კარგი, დამაკმაყოფილებელი, პრობლემური, რთული ან ძალიან სერიოზულია
"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" მსოფლიო რუკაზე ხუთი ფერით აღნიშნავს ქვეყნებს, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა კარგი, დამაკმაყოფილებელი, პრობლემური, რთული ან ძალიან სერიოზულია

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“(RSF) დღეს, 3 მაისს გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსი, რომელიც აფასებს ჟურნალისტიკის მდგომარეობას მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

საქართველო პრობლემურ ქვეყნებს შორის რჩება და 59.30 ქულით 89-ე ადგილზეა. 2021 წლის ინდექსით, ქვეყანა 71.36 ქულით გაცილებით უკეთეს, მე-60 ადგილზე იყო.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მსოფლიოს ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აფასებს 5 მაჩვენებლის: პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების კონტექსტების მიხედვით. საქართველოს ყველაზე მაღალი, 80.79 ქულა აქვს სამართლებრივ და ყველაზე დაბალი, 41.34 ქულა უსაფრთხოების კონტექსტში.

საქართველო პრობლემური ქვეყნების კატეგორიაშია ევროპის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ამერიკის 60-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად. მათ შორის არიან: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, რუმინეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, ანდორა, ისრაელი, იაპონია, ბრაზილია, ჩილე, პერუ, პარაგვაი, ტუნისი, ეკვადორი, კენია, ლესოტო, კონგო და ა.შ.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ სიტუაციის მიხედვით ქვეყნებს ანიჭებს ქულებს და ფერებს:

  • 85-100 ქულა - კარგი(მწვანე);
  • 70-85 ქულა - დამაკმაყოფილებელი(ყვითელი);
  • 55-70 ქულა - პრობლემური(ღია ნარინჯისფერი);
  • 40-55 ქულა - რთული(მუქი ნარინჯისფერი);
  • 0-40 ქულა - ძალიან სერიოზული(წითელი).

პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერია და 92.65 ქულით პირველ ადგილზეა ნორვეგია. სიტუაცია კარგია მსოფლიოს კიდევ 7 ქვეყანაში: დანია, შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, პორტუგალია და კოსტა-რიკა.

შემდეგ კატეგორიებში არიან ქვეყნები, სადაც ვითარება დამაკმაყოფილებელია, პრობლემურია, რთულია და ძალიან სერიოზულია. ბოლო კატეგორიის - ძალიან სერიოზული სიტუაციის მქონე ქვეყნების პირველ სამეულში არიან: აზერბაიჯანი, ბელარუსი და რუსეთი. ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა.

მსოფლიოში ჟურნალისტიკის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მთავარ პრობლემებად ასახელებს გაორმაგებულ პოლარიზაციას და ონლაინსივრცეში საინფორმაციო ქაოსის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს ყალბი ამბების და პროპაგანდის გავრცელებას.

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა.

XS
SM
MD
LG