თბილისის ერთ-ერთი სკოლის ფასადზე 10 დღის წინ წითელი საღებავით დახატული სამკუთხედთავიანი კატა გაჩნდა, გვერდით გაურკვეველი წარწერით. დღეს კატა, რომელიც შეიძლება ვინმეს მელადაც აღექვა, გადაღებილია და მის ადგილას საქართველოს დროშაა დახატული. კატების ნახატები ბოლო დღეებში ბევრგან გადაღებეს ისე, რომ მისი კვალი აღარ იკითხება.
სამკუთხედთავიანი კატები თვეების განმავლობაში ეტაპობრივად ჩნდებოდა თბილისის სხვადასხვა ადგილას. ამ ნახატებს შეხვდებოდით ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებზეც, ახალი ნაგებობების ფასადებზეც, მეტროს სადგურების ჩასასვლელებთანაც და ბიოტუალეტებზეც.
ქუჩებში განთავსებული სხვა უამრავი სიმბოლოს მსგავსად, არც ამ კატაზე იცის ვინმემ დაზუსტებით, ვინ არის მათი ავტორი ან რა შინაარსის მატარებელია ეს გრაფიკული გამოსახულებები. ვიცით მხოლოდ ის, რომ საზოგადოებაში მღელვარება კედლებზე ნახატი კატების რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა და 21 აპრილს მოქალაქეების ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურსაც კი მიმართა განცხადებით, მოეკვლიათ, რას ემსახურება წახნაგოვანი გრაფიტი, „რომელიც ერთი მხრივ ჰგავს ანიმაციურ პერსონაჟს, თუმცა შესაძლოა მივამსგავსოთ რუსეთის თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების რაზმის ლოგოს შიგთავსსაც“. მოქალაქეების განცხადებას თან ერთვოდა რუკა 60-ზე მეტი ნიშნულით. ყვითელი ქინძისთავებით ის ადგილები იყო რუკაზე მონიშნული, სადაც კატის ნახატები დახვდებოდათ.
„აღნიშნული ქუჩის მხატვრობის გაჩენა დროში ემთხვევა ათიათასობით რუსი მიგრანტის ჩამოსვლას საქართველოში“, - წერია მოქალაქეების სუს-ში შეტანილ განცხადებაში და აქვე გამოთქმულია ეჭვი, რომ ეს გარე დივერსიული ძალების მოქმედებების შედეგი შეიძლება იყოს. საზოგადოების ნაწილმა კედლებზე ნახატები მიიჩნია ნიშნებად, რომელსაც შესაძლოა რუსი დივერსანტები სტრატეგიული დანიშნულების მქონე ან იმ შენობების მოსანიშნად იყენებდნენ, რომლებსაც ბომბსაფრები აქვთ.
სუს-ში მოქალაქეების განცხადებას წინ უძღოდა ფეისბუკში გავრცელებული ინფორმაცია სლავი გარეგნობის მამაკაცის შესახებ, რომელიც ღამის საათებში ღვინის ბოთლითა და საღებავებით გადაადგილდებოდა ქუჩებში და კატებს ხატავდა კედლებზე ისე, რომ ცნობისმოყვარე გამვლელებთან კომუნიკაციაში არ შედიოდა. ამ ისტორიას ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ისე ჰყვებოდა ფეისბუკზე, როგორც თვითმხილველი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კედლებზე დახატულ კატებზე გამოძიება არ დაუწყია, 23 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კედლებზე კატებს ხატავდა და ასევე მეორე ადამიანი, რომელიც მის ნახატებს აფერადებდა.
„სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე სარეაგირებოდ გადაეცემა შესაბამის სამსახურს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყება დამატებით ინფორმაციას მხატვრის ასაკის, ეროვნების, მოტივაციის შესახებ არ ავრცელებს და არც იმას ამბობს, როგორ იპოვეს იგი: კამერის ჩანაწერებით, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე თუ რაიმე სხვა მეთოდით. შესაბამისად, კვლავ უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა წახნაგოვანი გრაფიტები და არის თუ არა ის დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევებთან. რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღიად დარჩენილ კითხვებზე უწყებისგან პასუხები ვერ მივიღეთ.
შარში გახვეული ღრუბლების მხატვარი
22 აპრილს, გიორგი გიგოლაშვილი თავის სახლის სიახლოვეს, გაგარინის მოედნთან სახატავად დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის გამოვიდა. ახალი საღებავები ჰქონდა ნაყიდი და უნდოდა, ისეთ დროს გაეტესტა, როცა ქუჩაში ბევრი ხალხი არ იქნებოდა. წინასწარ შერჩეულ კედელზე ღრუბლის ფორმის ნახატი დახატა - სახლში დაბრუნებას აპირებდა, როცა იმ კაცს გადაეყარა, ვინც მოგვიანებით ვიდეო გადაუღო და ეს ჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა. კაცს, რომელმაც გიორგი ხატვის დროს "დაიჭირა", ეგონა რომ "კატების მხატვარი" დაიჭირა და პოლიცია გამოძახა საქმეში გასარკვევად, გიორგიმ კი არ იცოდა რა კატებზე ელაპარაკებოდნენ ქუჩაში უცნობი ადამიანები და რატომ სთხოვდნენ დაჟინებით პასუხს კითხვაზე, რას ხატავს.
22 აპრილის საღამო გიორგისთვის პოლიციის სამმართველოში დასრულდა. ის გამოკითხეს და უთხრეს, რომ ჯარიმას სახლში გაუგზავნიდნენ. ამბავი აქ არ დასრულდა. მისი "ქუჩაში დაკითხვის" ვიდეო ფეისბუქზე გავრცელდა და ახლა უფრო მეტმა ადამიანმა იფიქრა, რომ ესაა ის, ვინც კატებს ხატავდა. 22 აპრილს გადაღებული ვიდეო ინტერნეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ გავრცელდა.
გიორგი თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. როგორც რუსეთის მოქალაქეს, სამსახურის პოვნისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები შეზღუდული აქვს - საქართველო მისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც ამ ეტაპზე შეუძლია იცხოვროს.
რა იქნება "კატებზე ნადირობის" შემდეგ?
„ძალიან ცუდი პრეცედენტია. სტრიტ არტისტები ისედაც ცოტა არიან საქართველოში, ვისაც უნდა აზრი გამოხატოს ამით, იქნება ეს სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ამ ხალხსაც ალბათ პრობლემები შეექმნება და მათ შორის მეც. ასეთი ამბები შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ და თქვან, იკვეთება თუ არა აქ რუსული კვალი. ხალხმა რომ დაიწყოს ამეების გამოძიება და თვითონ გაასამართლონ ლინჩის წესით ადამიანები, ძალიან ცუდი იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გაგოშიძემ, ქუჩის არტისტმა. ის ფიქრობს, რომ სამკუთხა კატების დივერსანტების „მეტკებად“ აღქმა საფუძველს მოკლებულია.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მართლაც არაერთი დივერსანტი აღმოაჩინეს განსაკუთრებით კიევში, რომლებიც იქ ომამდე რამდენიმე თვით ადრე იყვნენ გადასახლებულები. ვრცელდებოდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ რუსები უკრაინის ქალაქებში, კედლებსა და სახურავებზე ტოვებდნენ გრაფიკულ ნიშნებს. ერთ-ერთი ვერსიით, ფოსფორის საღებავის შემცველი ნიშნებით იყო მარკირებული იმ სახლების სახურავები, რომლებიც რუსულ არტილერიას უნდა დაებომბა.
უკრაინაში ორთვიანი ომის შემდეგ, ცხადია, რომ რუსეთი ბომბავს ყველაფერს იმის მიუხედავად, რომელ შენობას რა ნიშანი აქვს - ასე დაბომბა მაგალითად თეატრი მარიუპოლში, რომლის სარდაფსაც ათასობით ადამიანი, მოხუცები, ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს.
უკრაინაში მტრისთვის ნავიგაციის გასართულებლად ქუჩების და დასახლებების აღმნიშვნელი აბრებიც კი ჩამოხსნეს ომის პირველივე დღეებში. რიგ ადგილებში გეოგრაფიული აღმნიშვნელების ნაცვლად ანტირუსული გრაფიკული გამოსახულებებიც გაჩნდა.
საქართველოში დივერსანტების და მათი საშიში ნაკვალევის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს რიგითმა მოქალაქეებმა, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებების კვალდაკვალ აქ ხანგრძლივი ვადით ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების მკვეთრი რაოდენობის ზრდა აშკარა და თვალშისაცემი გახდა. საქართველოს მთავრობა არც რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას აპირებს და არც ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას რუსეთის მოქალაქეებისთვის.
როგორც გიორგი გიგოლაშვილმა გვითხრა, ერთ-ერთი, რაც აქ ჩამოსულ ადამიანს თვალში ხვდება თბილისის ქუჩებში, ბევრი ნახატია და თუკი ვინმეს ხელოვნების ეს მიმართულება იზიდავს, ის ბუნებრივია, ეცდება ქალაქის კედლებზე თავისი კვალის დატოვებას. ქუჩის მხატვრობა თავისუფალი, პარტიზანული ხელოვნებაა, თუმცა მასაც აქვს წესები, რომელთა ნაწილი ამ კომუნის წევრების შიდა შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს, ნაწილს კი ბიზნესი და მთავრობები სთავაზობენ არტისტებს მათი თავიანთ ინტერესებსა და სამსახურში ჩაყენების მიზნით.
„ერთი სტიკერის გაკვრისთვის დავჯარიმდი 2300 ლარით. ეს ნახატები ბევრ ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზეა განთავსებული და უნდა ვიცოდეთ, რამდენით დააჯარიმეს მათი ავტორი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქტივისტი ნატა ფერაძე. ის თვლის, რომ ქუჩის არტი, როგორც იარაღი, კულტურისა და აქტივიზმისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს წესები, რომელიც ნებისმიერმა არტისტმა უნდა დაიცვას. მაგალითად, არ დააზიანოს ისტორიული მემკვიდრეობა. ნატა იმასაც ფიქრობს, რომ შესაძლოა „კატებზე დევნის“ შემდეგ პოლიციამ უფრო მეტი სიმკაცრით დასაჯოს არტისტები და აქტივისტები, ვინც ქუჩას პროტესტის გამოსახატად იყენებენ.
საქართველოში ქუჩის არტისტებისა და აქტივისტების დევნას პოლიტიკური და სოციალური შინაარსის წარწერებისა თუ გრაფიკული გამოსახულებების გამო დიდი ისტორია აქვს. აი, მაგალითად, ამ შადრევნის შეღებვისთვის პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა პარტია "დროას" წევრები 2021 წლის სექტემბერში. შადრევანი მთავრობის კანცელარიასთან მდებარეობს, "დროას" წევრები კი ლექსო ლაშქარავაზე ძალადობას აპროტესტებდნენ ამ ფორმით.
ხელისუფლება ერთი მხრივ მაღალი ჯარიმებით და გადაღებვით ებრძვის პროტესტის გამოხატულებებს, მეორე ხელით კი ხელს უწყობს ქუჩის ხელოვნების განვითარებას დაფინანსებული ქუჩის ხელოვნების აკადემიითა და მერიებთან შეთანხმებული ნახატების ესკიზებით.
მხოლოდ 2019 წლის პირველ ცხრა თვეში თბილისის მერიამ ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით 120 000 ლარი დახარჯა.
გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება „კატებზე ნადირობის“ შემთხვევას საპროტესტო გზავნილების ავტორების შესავიწროებლად, დრო აჩვენებს, მანამდე კი ქუჩებში ახალ-ახალი უცნობი შინაარსის „არსებები“ ჩნდებიან.
აი, მაგალითად, ეს ფეხებიანი თევზი. თითქმის იმავე ადგილებში "დაცურავს", სადაც კატები იყო დახატული.
იცით, ვინაა და რა უნდა?