Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ეცოდინება ვინაა“ - წარწერა ბავშვის ზურგზე


ორი წლის ვერა მაკოვი, რომელსაც დედამ ზურგზე დააწერა თავისი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ახლობლების ტელეფონი.
ორი წლის ვერა მაკოვი, რომელსაც დედამ ზურგზე დააწერა თავისი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ახლობლების ტელეფონი.

ორი წლის ვერა მაკოვის ფოტო მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთ ტრაგიკულ სახედ იქცა. გოგონას ზურგზე თავისი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ახლობლების ტელეფონი აწერია. ეს ინფორმაცია მას დედამ, ალექსანდრა მაკოვიმ პირდაპირ კანზე დააწერა. დედას ეშინოდა, რომ კიევიდან გამოსვლისას, გზაზე მშობლებს რამე დაემართებოდათ.

- რატომ გადაწყვიტეთ ამის დაწერა?

- ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე, სანამ პუტინი სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადებდა, ძალიან ბევრი ბროშურა გავრცელდა, სადაც ეწერა, თუ რა უნდა გააკეთონ სამოქალაქო პირებმა. როგორ უნდა დაიმალონ, რა საბუთები უნდა ჰქონდეთ თან, რა უნდა ჰქონდეთ აფთიაქში, რომ საჭიროა მაკრატელი, რადგან შესაძლოა დაშავდე და ტანსაცმლის გაჭრა მოუწიოთ. გამზადებული მქონდა ბარათი, ზედ დატანილი ინფორმაციით.

კიევიდან ევაკუაციისთვის ვემზადებოდით. ვუცდიდით როდის შეთხელდებოდა საცობი. Google Map-ზე ყველაფერი გადაშავებული იყო. ამ დროს აფეთქებების ხმა გაისმა. ვიფიქრე, რომ შეიძლება კომბინეზონი, რომელშიც ბარათი ჩავდე, ბავშვს გახადონ, ამიტომ პირდაპირ ტანზე უნდა დავაწერო.

- ბავშვს ესმის რა ხდება? ხვდება, რომ რაღაც ასოები დააწერეთ?

- არა. ჩვენ მხატვრების ოჯახი ვართ. ყოველდღე ვთამაშობდით საღებავებით, ფანქრებით. ასეთ „ტატუებს“ ვაკეთებდით. ის მთხოვდა: „დედა, დამახატე მზე, მეორე ხელზე - ვარსკვლავი“. ფიქრობდა, რომ ეს თამაშის ნაწილია. რა თქმა უნდა, ხმა ესმოდა. ვიდეოც კი მაქვს, რომელშიც აფეთქება ისმის და ბავშვიც ამბობს: „ბა-ბახ“. შეიძლება იფიქრა, რომ ეს სალუტია. ახალი წლის შემდეგ მიეჩვია სალუტის ხმას.

მგონია, რომ შეეშინდებოდა, ბავშვი გრძნობს, როდესაც დედა შეშფოთებულია. პირველ დღეებში სულ გვეკითხებოდა „სახლი?“ ტირილს ვიწყებდი და ვპასუხობდი, რომ სახლში ჯერ ვერ დავბრუნდებით. იქ საშიშია. საერთოდ გაურკვეველია, დგას ჩვენი სახლი კიდევ თუ არა.

- როგორც მივხვდი, გეშინოდათ, რომ თუ თქვენ რამე დაგემართებათ, ბავშვი ვერასდროს გაიგებს საკუთარ ვინაობას?

კი, ამაზე ბევრი ვისაუბრე. ტვიტერზე არ შევდივარ, რომ არ ვიკითხო ზოგი რასაც წერს. ბევრი ამბობდა, რომ ეს ფეიკია. მე ინგლისურად დავაწერე ბავშვს, რომ თუ რამე, საკუთარი თავის შესახებ ინტერნეტში მოეძებნა ინფორმაცია. ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს საკუთარი წარმოშობის შესახებ, განსაკუთრებით კი ის, რომ მშობლებს უყვარდათ და ნანატრი შვილი იყო. ვფიქრობდი, ის იპოვიდა ინსტაგრამში გვერდს, რომელიც კიევში ჩვენი მშვენიერი და მშვიდობიანი ცხოვრების დღიურს წარმოადგენს.

- ტვიტერი ახსენეთ, რამე სისაძაგლეს გწერენ?

- მე არ მწერენ, მაგრამ მეგობრები მიყრიდნენ ინფორმაციას, თუ რას წერდნენ რუსეთის მოქალაქეები. ამიტომ, ახლა იქ აღარ შევდივარ. ინსტაგრამში კი ხალხი შემოდის ჩემს გვერდზე, კომენტარებს მიწერს. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებ მათგან. უკრაინელი მშობლები მწერენ, რომ ისინიც ასე იქცეოდნენ, როგორც მე. ეს ფოტო იმიტომაც გავრცელდა, რომ ძალიან ბევრმა მშობელმა გააკეთა იგივე. და ეს ძალიან მტკივნეულია.

XS
SM
MD
LG